ნიკა მელიას საქმე

მელია: ხაზი გავლებულია, ერთ მხარესაა გავრილოვი და მეორე მხარესაა შეუპოვარი ქართველი ხალხი

წილი ნაყარია, ხაზები გავლებულია, ყველაფერი ნათელია. ერთ მხარეს დგას ოკუპანტი გავრილოვი და მეორე მხარეს დგას შეუპოვარი ქართველი ხალხის პროტესტი. – ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია მის შესაძლო დაკავებაზე

მელიამ ქართული ოცნების დეპუტატებს მოუწოდა, კარგად დაფიქრდნენ, სანამ მისთვის იმუნიტეტის მეორედ შეწყვეტაზე გადაწყვეტილებას მიიღებენ.

"წილი ნაყარია, ხაზები გავლებულია, ყველაფერი ნათელია. ერთ მხარეს დგას ოკუპანტი გავრილოვი და მეორე მხარეს დგას შეუპოვარი ქართველი ხალხის პროტესტი. როდის, თუ არა ახლა, ყველა ქართული ოცნების დეპუტატმა თავის თავს მნიშვნელოვანი კითხვა უნდა  დაუსვას, რომელზეც პასუხის გაცემა მას მოუწევს მრავალი წლის განმავლობაში - რომელ მხარეზე დგას. დგას გავრილოვების მხარეს, თუ დგას ანწუხელიძის, მერაბ კოსტავების, ჟიული შარტავების, ზვიად გამსახურდიების და ეროვნული ღირსების მხარეს. ჩემზე ნუ იდარდებთ, ბატონო ქართული ოცნების დეპუტაციავ. მართლაც, თუ სადმე ოდესმე სანერვიულო ცხოვრებაში არ მქონია, სწორედ ახლა არ მაქვს". – თქვა მელიამ


საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების, გირაოს პატიმრობით შეცვლის საკითხზე სასამართლოსთვის მიმართვაზე თანხმობისთვის საქართველოს პარლამენტს მიმართა.

საქართველოს პროკურატურის მიერ მელიასთვის მიცემული ერთკვირიანი ვადა ამოიწურა - ნიკა მელიამ გირაოს თანხა არ გადაიხადა.  

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა ტვ. პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ოპოზიცია საქართველოს იმიჯის შელახვას ცდილობს. 

"ის სიცრუე, რომელიც იღვრება მაშინდელი მოვლენების ინტერპრეტირებისას ბატონი მელიას მიერ, რომელსაც მე არ ვიცნობ, ადასტურებს, რომ სიცრუის ხარჯზე, 100%-იანი სიცრუის, ცდილობენ შელახონ საქართველოს იმიჯი, სტუმართმოყვარე და მეგობრული ქვეყნის, მეზობლების თვალში". - აცხადებს რუსი დეპუტატი ტვ. პირველთან

გავრილოვი ასევე გამოეხმაურა ნიკა მელიას შესაძლო დაკავების ფაქტს და თქვა, რომ საქართველოს მმართველი პარტია აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სახელმწიფო გადატრიალებები, სახელმწიფო ამბოხი, რეპრესიები და დიქტატურა.

 

კომენტარები