რუსეთის ეკონომიკა

2020 წელს რუსეთში უმუშევრობა 860 000-ით გაიზარდა, მშპ – 3.1%-ით შემცირდა

PFHub

როსსტატის წლიური ანგარიშის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეების რეალური განკარგვადი შემოსავლები 2020 წელს 3.5%-ით შემცირდა – ინფორმაციას RBK ავრცელებს. 2013 წელთან შედარებით, 2020 წლის რეალური შემოსავლები 10.6%-ითაა შემცირებული. 

შემოსავლების გარდა, სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანების რაოდენობა გასულ წელს 400 000-ით გაიზარდა და 19.6 მილიონს მიაღწია. 

რუსეთის ეკონომიკის სამინისტროში იმედოვნებენ, რომ 2021 წელს რეალური განკარგვადი შემოსავლები 3%-ით გაიზრდება, შემდეგ წლებში კი – 2.5%-ით. სამინისტროს ოპტიმიზმს არ იზიარებს მაკროეკონომიკური ანალიზისა და მოკლევადიანი პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი, დიმიტრი ბელოუსოვი. მისი გათვლებით, ქვეყანა 2020 წლის ჩავარდნას 2022 წლის ბოლომდე ვერ აღადგენს. 

პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზის მსხვერპლი გახდა ბიზნესიც, რის შედეგადაც ქვეყანაში უმუშევრობის დონე კიდევ უფრო გაიზარდა. 2020 წელს რუსეთში უმუშევრობის დონე 2019-თან შედარებით 24.7%-ით, ანუ 860 000 ადამიანით გაიზარდა. 

ეკონომიკური კრიზისი შეეხო ვალუტასაც. 2020 წლის მთელ მეორე ნახევარში რუბლის გაუფასურებისა და ინფლაციის ტენდენცია ფიქსირდებოდა. 

ვარდნის ფონზე, საარსებო მინიმუმზე ნაკლებ შემოსავალზე რუსეთის 19.6 მილიონი მოქალაქე ცხოვრობს, რაც მოსახლეობის 13.1%–ს შეადგენს.

2020 წელს რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 3.1%-ით შემცირდა

კომენტარები