ეკონომიკა

გასულ წელს რეგიონში საქართველოზე მეტად მხოლოდ სომხეთის ეკონომიკა შემცირდა

გასულ კვირას საქსტატმა 2020 წლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. უწყების მონაცემებით, დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა 7.9%-ით, ხოლო საშუალო წლიური მაჩვენებლით ქვეყნის მშპ 6.1%-ით შემცირდა.

ამაზე მეტად საქართველოს ეკონომიკა ბოლოს 26 წლის წინ, 1994 წელს დაზარალდა, მაშინ ქვეყნის ეკონომიკა 10.4%-ით შემცირდა. ეკონომიკური კლება თითქმის ორჯერ ნაკლები იყო 2009 წელს, რუსეთის სამხედრო აგრესიისა და გლობალური ფინანსური კრიზისის დროს, მაშინ საქართველოს ეკონომიკა 3.6%-ით შემცირდა.  

საქართველოს ეკონომიკის შემცირების მასშტაბი ნათლად ჩანს, თუ მაჩვენებლებს მეზობელ სახელმწიფოების და რეგიონის სხვა ქვეყნების მაჩვენებლებს შევადარებთ. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მხრივ საქართველოზე ცუდი მაჩვენებლები მხოლოდ სომხეთს აქვს. სამეზობლოს და რეგიონის უკლებლივ ყველა სხვა ქვეყანაში ეკონომიკური ზარალი საგრძნობლად უფრო ნაკლებია. 

მაგალითად, 2020 წელს მეზობელი აზერბაიჯანის ეკონომიკა 4.3%-ით შემცირდა, რაც თითქმის 2%-ით უფრო ნაკლებია, ვიდრე საქართველოს მაჩვენებლები. პირველადი მონაცემებით, 3.1%-ით შემცირდა საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის რუსეთის მშპ. ეკონომიკური კლება საქართველოზე საგრძნობლად უფრო ნაკლებია უკრაინაშიც და 4.4%-ს შეადგენს.

საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორი, თურქეთის ეკონომიკა წინასწარი მონაცემებით 2020 წელს საერთოდაც 1.1%-ით გაიზარდა. უნდა ითქვას, რომ საქართველოს მსგავსად თურქეთშიც ტურიზმი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სექტორია. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო თურქეთში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 65%-ით შემცირდა, ქვეყანამ თითქმის 16 მილიონ ტურისტს უმანსპინძლა. გასულ წელს თურქეთმა ტურიზმიდან 12 მილიარდი დოლარი მიიღო.

მთავრობის მრავალი დაპირების მიხედვით, საქართველო იქნებოდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც ტურისტებისთვის საზღვრებს გახსნიდა, თუმცა ქვეყნის საზღვრები ამ დრომდე ჩაკეტილია. საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი თითქმის 90%-ით შემცირდა და მხოლოდ 540 მილიონი დოლარი შეადგინა. მხოლოდ ტურიზმიდან არ მიღებული შემოსავალი 2.8 მილიარდ დოლარს უტოლდება. 

საქართველოზე მეტად რეგიონის ქვეყნებიდან მხოლოდ სომხეთის ეკონომიკა შემცირდა. წინასწარი მონაცემებით კლებამ 7.8% შეადგინა, თუმცა სომხეთის ეკონომიკაზე პანდემიის გარდა გამანადგურებლად იმოქმედა 5-კვირიანმა  ომმა ყარაბაღში. ომში აზერბაიჯანთან დამარცხების შემდეგ, ქვეყანა საპროტესტო აქციებმა მოიცვა და ეკონომიკური კრიზისის გარდა, განვითარდა პოლიტიკური კრიზისიც. შედეგად, ქვეყნის ეროვნულმა ვალუტამ, დრამმა მკვეთრი გაუფასურება დაიწყო, შემცირდა ეკონომიკური აქტიურობაც. 

ამგვარი შედეგები ლოგიკურ თანხვედრაში მოდის Oxford-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევასთან, რომლის მიხედვითაც საქართველოზე მკაცრი შეზღუდვები მსოფლიოს მხოლოდ 7 ქვეყანაში მოქმედებს. 

 

კომენტარები