ევროკავშირი-რუსეთი

კრემლი: რუსეთი ევროკავშირის შესაძლო მკაცრი სანქციებისთვის მზად უნდა იყოს

დმიტრი პესკოვი
Shamil Zhumatov

კრემლში განაცხადეს, რომ ალექსეი ნავალნის დაპატიმრების გამო ევროკავშირის მიერ მკაცრი სანქციების დაწესების შემთხვევაში რუსეთი მზად უნდა იყოს. 

პუტინის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა, თქვა, რომ მოსკოვი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ჩაანაცვლოს ნებისმიერ მისი აუცილებელი ინფრასტრუქტურა ელემენტებით, რომლებიც შეიძლება ჩამოაკლდეს საგარეო სანქციების შედეგად.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, ევროკავშირთან კავშირი გაწყვიტოს, თუ ის მას მტკივნეულ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს.

რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაუარესება ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის დაპატირებას მოჰყვა. სანქციების დაწესების ალბათობაზე საუბარი მას შემდეგ  გააქტიურდა, რაც მოსკოვმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ვიზიტის დროს სამი ევროპელი დიპლომატი გააძევა

10 თებერვალს ბორელმა, მოსკოვი გააფრთხილა, რომ, შესაძლოა, ევროკავშირმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესოს ალექსეი ნავალნის დაპატიმრებისთვის. 

მას შემდეგ, სამმა ევროპელმა დიპლომატმა Reuters-თან განაცხადა, რომ ევროკავშირი პუტინთან დაახლოებულ პირებს, სავარაუდოდ, მიმდინარე თვეს სამოგზაურო და ფინანსურ სანქციებს დაუწესებს. 

პარალელურად, რუსეთში ვეტერანის შეურაცხყოფის საქმეზე ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესი გრძელდება. ამჯერად ნავალნის ბრალად ედება შეურაცხყოფის მიყენება მეორე მსოფლიო ომის ვეტერანისათვის, რომელმაც პუტინის მიერ განხორციელებული რეფორმების პროპაგანდისტულ ვიდეოში მიიღო მონაწილეობა.


2 თებერვალს  ალექსეი ნავალნის, 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

ალექსეი ნავალნი 17 იანვარს რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს.  2014 წლის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადისა და პირობითი სასჯელის დარღვევისთვის სასამართლომ მას 30 დღით პატიმრობა მიუსაჯა.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი.

2014 წელს რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული".

კომენტარები