რუსეთი

რუსეთი: სამი ევროპელი დიპლომატი უკანონო აქციებში მონაწილეობისთვის გავაძევეთ

ნავალნის მხარდამჭერი აქცია რუსეთში

რუსეთმა სამი დიპლომატი გააძევა: გერმანელი, შვედი და პოლონელი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სამმა დიპლომატმა 23 იანვარს მონაწილობა მიიღო "უკანონო აქციებში". 23 იანვარს რუსეთის არაერთ ქალაქში დაპატიმრებული რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები გაიმართა. 

შვედეთის განცხადებით ის, რომ მისმა დიპლომატმა მონაწილეობა მიიღო 23 იანვარს გამართულ საპროტესტო აქციაში, სრულიად უსაფუძვლო იყო. შევდეთი იტოვებს შესაბამისი პასუხის გაცემის უფლებას .

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გაძევება გაუმართლებელია და იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ხელახლა არ განიხილავს საკითხს, გერმანიაც საპასუხო ნაბიჯს გადადგამს. 

მათი გაძევების შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის, მოსკოვში ჩასვლამდე რამდენიმე საათით ადრე გამოაცხადა. გამგზავრებამდე მან განაცხადა, რომ შეხვედრების დროს აქტიურად დააყენებს ალექსეი ნავალნის საკითხს.

აღსანიშნავია, რომ 2 თებერვალს, როდესაც ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესი იმართებოდა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ პროცესზე დასავლელი დიპლომატების მისვლა რუსეთის შიდა საქმეში ჩარევად შეაფასა. RIA-ს ინფორმაციით, მოსკოვის საქალაქო სასამართლოში ოცამდე ქვეყნის საელჩოს წარმომადგენლები მივიდნენ, მათ შორის აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, კანადის, გერმანიის, შვეიცარიის, ავსტრიის, ნიდერლანდების, შვედეთის, ნორვეგიის, ჩეხეთის, ლიტვის, ლატვიისა და პოლონეთის წარმომადგენლები.

მანამდე, 25 იანვარს, რუსეთმა დასავლეთი ნავალნის მხარდამჭერი აქციების წაქეზებაში დაადანაშაულა. 100-მდე ქალაქში, აკრძალვის მიუხედავად, ქუჩაში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა.


2 თებერვალს  ალექსეი ნავალნის, 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

ალექსეი ნავალნი 17 იანვარს რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს.  2014 წლის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადისა და პირობითი სასჯელის დარღვევისთვის სასამართლომ მას 30 დღით პატიმრობა მიუსაჯა.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი.

2014 წელს რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული".

ამასთან ერთად,  ნავალნის წინააღმდეგ აღძრულ კიდევ ერთ საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ამჯერად ნავალნის ბრალად ედება შეურაცხყოფის მიყენება მეორე მსოფლიო ომის ვეტერანისათვის, რომელმაც პუტინის მიერ განხორციელებული რეფორმების პროპაგანდისტულ ვიდეოში მიიღო მონაწილეობა. საქმეზე მოსმენა 12 თებერვლამდე გადადეს. 

ამავდროულად, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერებმა გამოაცხადეს, რომ მისი გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესო აქციებს გაზაფხულამდე შეწყვეტენ. მიზეზად პოლიციის მხრიდან ძალადობა და დემონსტრანტების დაკავება სახელდება. ლეონიდ ვოლკოვი ამბობს, რომ ეს ორგანიზაციის გეგმებს და სექტემბერში დანიშნული საპარლამენტო არჩევნების კამპანიას შეაფერხებს. ვოლკოვი ამბობს, რომ ნავალნის გათავისუფლების მცდელობას უცხოეთიდან ზეწოლის გაზრდის მეშვეობით გააგრძელებენ.

კომენტარები