ევროკავშირი-რუსეთი

ლავროვი EU-სთან კავშირის შესაძლო გაწყვეტაზე: თუ მტკინვეულ სანქციებს დაგვიწესებენ, მზად ვართ

სერგეი ლავროვი
Vijesti

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, ევროკავშირთან კავშირი გაწყვიტოს, თუ ის მას მტკივნეულ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს.

რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაუარესება ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის დაპატირებას მოჰყვა. სანქციების დაწესების ალბათობაზე საუბარი მას შემდეგ  გააქტიურდა, რაც მოსკოვმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ვიზიტის დროს სამი ევროპელი დიპლომატი გააძევა

ინტერვიუში, რომლის ნაწილიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე 12 თებერვალს გამოქვეყნდა, ლავროვს ჰკითხეს, მოსკოვი ახლა ევროკავშირთან კავშირის გაწყვეტისკენ მიემართება თუ არა, რაზეც ლავროვმა შემდეგნაირად უპასუხა: "ჩვენ გამოვდივართ იმ ფაქტიდან, რომ მზად ვართ (ამისთვის). იმ შემთხვევაში, თუ კვლავ ვიხილავთ სანქციებს ზოგიერთ სფეროში, რომლებიც რისკებს შექმნის ჩვენი ეკონომიკისთვის, მათ შორის ყველაზე მგრძნობიარე სფეროებში". 

მისივე თქმით, მათ არ სურთ გლობალური ცხოვრებისგან იზოლირება, თუმცა ამისთვის მზად უნდა იყვნენ.

"თუ მშვიდობა გინდა, მოემზადე ომისთვის". - დასძინა მან.

10 თებერვალს ბორელმა, მოსკოვი გააფრთხილა, რომ, შესაძლოა, ევროკავშირმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესოს ალექსეი ნავალნის დაპატიმრებისთვის. 

მას შემდეგ, სამმა ევროპელმა დიპლომატმა Reuters-თან განაცხადა, რომ ევროკავშირი პუტინთან დაახლოებულ პირებს, სავარაუდოდ, მიმდინარე თვეს სამოგზაურო და ფინანსურ სანქციებს დაუწესებს. 

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც გასული წლის ოქტომბერში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს საფრანგეთ-გერმანიის გეგმას, რუსეთს ნავალნის ნერვული აგენტით მოწამვლის საქმის გამო სანქციები დაუწესონ, ლავროვი ევროკავშირთან დიალოგის გაწყვეტით დაიმუქრა

15 ოქტომბერს ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლისთვის რუს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა.

კომენტარები