ნიკა მელიას საქმე

გახარია მელიაზე: პოლიტიკური ხულიგნობით ქულების დაწერის მცდელობაა, იაფფასიანი რიტორიკით

"პოლიტიკური ხულიგნობით ქულების დაწერის მცდელობაა, იაფფასიანი რიტორიკით". - ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ენმ-ძალა ერთობაშიას თავმჯდომარე ნიკა მელიაზე.

"ეს არის ჩვეულებრივი პოპულიზმი. სახელმწიფოს როლი, თუნდაც ამაში, საერთოდ არანაირია. ეს არის სამართალდამცავი სისტემა, ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება. აქაც არჩევანი არის კონკრეტული ადამიანის მხარეს. მას შეუძლია, გადადგას ნაბიჯი ერთი მიმართულებით, შეუძლია, გააგრძელოს პოლიტიკური ხულიგნობა. ეს ხომ მისი არჩევნის საკითხია. რა შუაშია ქართული ოცნება ან პროკურატურა? ამას ხომ არანაირი კავშირი ამასთან არ აქვს? არის უბრალოდ აღკვეთის ღონისძება, რომელსაც შეუძლია, გირაოს სახით ადამიანი დატოვოს გარეთ და გააგრძელოს ჩვეულებრივი ცხოვრება, მისი გადაწყვეტილებაა. 

ეს არის, უბრალოდ იაფფასიანი აგრესიული რიტორიკით, პოლიტიკური ხულიგნობით ქულების დაწერის მცდელობა, მეტი არაფერი. არასერიოზულია ეს ყველაფერი...". - ამბობს გახარია. 

ქართული ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ ნიკა მელია დაკისრებული გირაოს გადაიხდის. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, ნიკა მელიამ, შესაძლოა, თავად არ გადაიხადოს გირაოს თანხა, მაგრამ "მისი მეგობრები" გადაიხდიან. მელიამ  საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს ბანკს მიმართა და თქვა, რომ, თუ საბანკო ანგარიშზე მის სასარგებლოდ გირაოს თანხა დაიფარება, ეს მისი უფლებებისა და კანონის დარღვევა იქნება.

საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად დამატებით ერთკვირიანი ვადა მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც უწყების განცხადებაში წერია, სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასა და პატიმრობის შეფარდებაზე მიმართავენ. 

პროკურატურამ გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.


20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

კომენტარები