ნიკა მელიას საქმე

სარჯველაძე მელიაზე: მცდელობაა, მოხდეს პროვოცირება იმის, რაც ჰეროიზმის მანტიით შემოსავს

"აშკარაა მცდელობა, რომ ბატონი ნიკანორ მელიას მხრიდან მოხდეს პროვოცირება მის მიმართ ისეთი ღონისძიებების განხორციელების, რომელიც, მისი გათვლებით, მას ჰეროიზმის მანტიით შემოსავს. ეს არ არის სწორი გათვლა". - ამბობს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ენმ-ძალა ერთობაშიას თავმჯდომარე ნიკა მელიაზე.

"მისი გადაწყეტილების მიხედვით, მოხდება შემდგომი გადაწყვეტილებების მიღება პროკურატურის და პარლამენტის მხრიდან". - ამბობს ის. 

ქართული ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ ნიკა მელია დაკისრებული გირაოს გადაიხდის. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, ნიკა მელიამ, შესაძლოა, თავად არ გადაიხადოს გირაოს თანხა, მაგრამ "მისი მეგობრები" გადაიხდიან. მელიამ  საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს ბანკს მიმართა და თქვა, რომ, თუ საბანკო ანგარიშზე მის სასარგებლოდ გირაოს თანხა დაიფარება, ეს მისი უფლებებისა და კანონის დარღვევა იქნება.

საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად დამატებით ერთკვირიანი ვადა მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც უწყების განცხადებაში წერია, სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასა და პატიმრობის შეფარდებაზე მიმართავენ. 

პროკურატურამ გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.


20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

კომენტარები