ნიკა მელიას საქმე

მდინარაძე მელიაზე: ნაცი და გმირი არ გაიშვას, რა – მდაბიო სპეკულაციაა

ტაბულა

"ნაცი და გმირი არ გაიშვას, რა". – ამბობს  ქართული ოცნების წევრი, მამუკა მდინარაძე, ენმ-ძალა ერთობაშიას თავმჯდომარე ნიკა მელიაზე საუბრისას.

"მე არ მგონია, იმის გამბედაობა ეყოს ნაცმოძრაობის რომელიმე წევრს, რომ ფსევდოგმირობა ჩაიდინოს. [...] ნაცი და გმირი არ გაიშვას, მართლა, რომ იტყვიან, რა... ახლა ეს არის საზოგადოების ემოციებზე გათვლილი ძალიან მდაბიო სპეკულაცია, რასაც ჩვენ ნაცმოძრაობისგან თვალყურს ვადევნებთ.   

[...] მე, როგორც ერთი ადამიანი, დარწმუნებული ვარ, რომ ნიკა მელია გადაიხდის გირაოს. თავად ჩვენზე არანაკლებად კარგად იცის, მთელ მსოფლიოში არის ასეთი წესი და, მათ შორის, საქართველოში, გამონაკლისების გარეშე. აღკვეთის ღონისძიებას როცა არღვევს ადამიანი, მას უმძიმდება აღკვეთის ღონისძიება. გამონაკლისი არის, როდესაც გადახდისუუნარო დოკუმენტებს წარმოადგენს". – ამბობს მდინარაძე იმედის ეთერში.

საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად დამატებით ერთკვირიანი ვადა მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც უწყების განცხადებაში წერია, სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასა და პატიმრობის შეფარდებაზე მიმართავენ. 

თუმცა, ენმ-ძალა ერთობაშიას ლიდერი პროკურატურაში არ გამოცხადდა და, მისივე თქმით, არც გირაოს გადახდას აპირებს. 


20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

პროკურატურამ გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.

კომენტარები