ნიკა მელიას საქმე

თალაკვაძე მელიაზე: კანონმდებლობაში ცალკე არ წერია, მართლმსაჯულება მოექცევა, როგორც სხვას

"კანონმდებლობაში არ არის ცალკე ჩაწერილი. მართლმსაჯულება ზუსტად ისე მოექცევა, როგორც სხვა მოქალაქეს მოექცეოდა". – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ენმ-ძალა ერთობაშიას თავმჯდომარე ნიკა მელიაზე.

"გვახსოვს მსგავსი განცხადებები ადრეც, მისი ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან,  როგორსაც ახლა აკეთებს ნიკა მელია. ამბობდნენ, რომ პრეზიდენტს არ აღიარებენ და არ ცნობენ. მერე მათი წერილებიც გვახსოვს, პრეზიდენტს რომ მიმართეს შეწყალების მოთხოვნით.

საქართველოს პარლამენტმა მელიაზე ერთხელ უკვე მიიღო გადაწყვეტილება - ნიკა მელიას გაუუქმა მანდატი და როდესაც ასეთი დასაბუთებული მომართვა არსებობს, პარლამენტი, მაღალი ალბათობით, მიიღებს იმუნიტეტის შეჩერების გადაწყვეტილებას. შესაბამისად, თუ ნიკა მელიას აქვს იმის იმედი, რომ ამჯერად გამოვა ქუჩაში,  გააკეთებს განცხადებებს, რომ სახელმწიფო არ არსებობს, კანონს პატივს არ სცემს, ვერავინ ვერ გაასამართლებს და კანონზე მაღლა დგას, გირაოს არ გადაიხდის, და ამ დროს, გვერდით, მისი თანამოქალაქეები, რომლებიც, როცა არღვევენ კანონს, იხდიან გირაოსაც და მსჯავრსაც იხდიან - გარწმუნებთ, კანონმდებლობაში ნიკა მელია არ არის ცალკე ჩაწერილი და მართლმსაჯულება მას ზუსტად ისე მოექცევა, როგორც სხვა მოქალაქეს მოექცეოდა". – ამბობს თალაკვაძე რუსთავი 2-თან ინტერვიუში. 

საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად დამატებით ერთკვირიანი ვადა მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც უწყების განცხადებაში წერია, სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასა და პატიმრობის შეფარდებაზე მიმართავენ. 

თუმცა, ენმ-ძალა ერთობაშიას ლიდერი პროკურატურაში არ გამოცხადდა და, მისივე თქმით, არც გირაოს გადახდას აპირებს. 


20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

პროკურატურამ გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.

კომენტარები