საქართველოს მთავრობა

მთავრობის რეგიონული პოლიტიკის უფროსად კონსტანტინე ანანიაშვილი დაინიშნა

კონსტანტინე ანანიაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურს კონსტანტინე ანანიაშვილი უხელმძღვანელებს. სამსახურის ახალი ხელმძღვანელი პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს წარუდგინა.

გახარიამ აღნიშნა, რომ კონსტანტინე ანანიაშვილი კოორდინაციას გაუწევს რეგიონებთან და სახელმწიფო რწმუნებულებთან მთავრობის ეფექტიან ურთიერთობას.

"კოტე ანანიაშვილის ძირითადი ფუნქცია იქნება გუბერნატორების კორპუსის მართვა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციის გაძლიერება. ამაზე იქნება კოტე პასუხისმგებელი. თქვენი ძირითადი საყრდენი, ყოველდღიური მართვის პირობებში, იქნება კოტე. ჩვენ ასევე გვექნება შეხვედრები, თავდაპირველ ეტაპზე, კვირაში ერთხელ, ზუსტად ისე, როგორც იმართება მთავრობის სხდომები, გაიმართება ეს სხდომა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გუბერნატორები". – თქვა გახარიამ. 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კონსტანტინე ანანიაშვილი იყო აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი და 2005 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 2013-2016 წლებში იგი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსი, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე და სამმართველოს უფროსი. 2016 წლიდან 2018 წლის აგვისტომდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა.

კომენტარები