facebook

Facebook-მა ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება აკრძალა

Getty Images

Facebook-მა თავის პლატფორმაზე ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება აკრძალა. Covid-19-თან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელებასთან ბრძოლის ფარგლებში Facebook-ი პლატფორმიდან წაშლის პოსტებს, რომლებიც ცრუ ინფორმაციას ავრცელებს ნებისმიერ ვაქცინაზე.

ახალი რეგულაციები შეეხება როგორც მომხმარებლების პოსტებს, ასევე საიტზე განთავსებულ რეკლამებს. აღსანიშნავია, რომ დეზინფორმაციის გამავრცელებელი რეკლამები Facebook-ზე აქამდეც აკრძალული იყო. მსგავსი წესები გავრცელდება Instagram-ზეც.

"ამ პოლიტიკის გატარებას დაუყოვნებლივ დავიწყებთ. განსაკუთრებულად გავამახვილებთ ყურადღებას გვერდებზე, ჯგუფებსა და მომხმარებელთა ანგარიშებზე, რომლებიც ამ წესებს არღვევს". – თქვა Facebook-ის წარმომადგენელმა გაი როსენმა.

ახალი პოლიტიკის ფარგლებში დაიხურება ჯგუფები, სადაც მომხმარებლები მუდმივად აზიარებენ დეზინფორმაციის შემცველ კონტენტს

პანდემიის დაწყების შემდეგ Facebook-მა რამდენჯერმე განაახლა კონტენტის მოდერირების პოლიტიკა. 2020 წლის აპრილში დეზინფორმაციასთან ბრძოლის ფარგლებში პლატფორმაზე კორონავირუსის შესახებ პოსტებს ემატებოდა საგანგებო გრაფა, რომელშიც დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ გავრცელებული ფაქტების წაკითხვა შეიძლებოდა. გარდა ამისა, ვაქცინების შესახებ დეზინფორმაცია ნაკლებად ხილული იყო მომხმარებლებისთვის, თუმცა ამ დრომდე პლატფორმიდან არ იშლებოდა.

თუმცა, დეკემბრიდან კონტენტზე ზედამხედველობა გამკაცრდა და დაიწყო Covid-19-თან დაკავშირებული ცრუ ინფორმაციის Facebook-იდან წაშლა. პლატფორმიდან იშლება პოსტები რომელთა თანახმად, ვაქცინები შეიცავს მიკროჩიპებს, ნიღბის ტარება არ უშლის ხელს დაავადების გავრცელებას, 5G ტექნოლოგიები ხელს უწყობს ან იწვევს კორონავირუსის ინფექციას.

ახალი რეგულაციების ფარგლებში წაიშლება კონტენტი, რომლის თანახმადაც კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილი ვირუსია, ვაქცინები არაეფექტურია დაავადების პრევენციაში, Covid-19-ით დაავადება უფრო უსაფრთხოა ვიდრე ვაქცინირება. აიკრძალა ასევე დეზინფორმაცია, რომლის თანახმად, ვაქცინები ზოგადად აუტიზმს იწვევს.

კომენტარები