Facebook

FACEBOOK-ი სახის ამოცნობის სისტემას თიშავს

Facebook-ის დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი

კომპანია Meta-ს ცნობით, სოციალურ ქსელ Facebook-ში სახის ამოცნობის სისტემა ითიშება, რომლის საშუალებით პლატფორმა ავტომატურად ახდენს ფოტოებსა და ვიდეოებში მომხმარებლების იდენტიფიცირებას. 

Reuters-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი Facebook-ის შელახული რეპუტაციის გამოსწორების მცდელობა და სახის ამოცნობის ტექნოლოგიისადმი საზოგადოებაში კრიტიკული დამოკიდებულების არსებობაა.

"მარეგულირებლები ჯერაც მუშაობენ იმ წესდების განსაზღვრაზე, რომელიც დაარეგულირებს ამ ტექნოლოგიის გამოყენების პირობებს. გაურკვევლობის პირობებში, მიგვაჩნია, რომ მიზანშეწონილია სახის ამოცნობის სისტემის გამოყენების შეზღუდვა". – ამბობს Facebook-ის ხელოვნური ინტელექტის ვიცე-პრეზიდენტი, ჯერომ პესენტი. 

უკანასკნელ პერიოდში Facebook-ისა და სხვა ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტების საქმიანობა კონგრესის აქტიური განხილვის საკითხი გახდა. მომხმარებლების ინფორმაციისა და სახის ამოცნობის სისტემის გამოყენება კანონმდებლების მხრიდან კრიტიკის საგანი არაერთხელ ყოფილა.

უსაფრთხოების ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, სახის ამოცნობის სისტემა დიდ გამოწვევას წარმოადგენს პირადი ინფორმაციისა და კონფიდენციალურობის დაცვისათვის. ასევე, ის ფარული თვალთვალის შემთხვევების ზრდის რისკებს აჩენს. 


Facebook-ის ახალი სახელწოდება Meta გახდა. დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ზაკერბერგის განმარტებით, ეს მოვლენა კომპანიის ძირითადი მიმართულების შეცვლითაა გამოწვეული.

ზაკერბერგის აზრით, ინტერნეტის მომავალი სამგანზომილებიანია (3D), კომპანიის ძირითადი მიმართულება კი მეტავერსის, ანუ 3D ვირტუალური სამყაროს შექმნა უნდა იყოს.

კომენტარები