მე-10 მოწვევის პარლამენტი

იძულებითი დეპუტატობის პარადოქსი

მე-10 მოწვევის პარლამენტი

იძულებითი დეპუტატობის პარადოქსი

პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია – ქართული ოცნება არ აპირებს, უფლებამოსილება შეუჩეროს იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც რამდენიმე თვის წინ მიმართეს საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი მოთხოვნით

გარდა იმისა, რომ პარლამენტის მანდატი მოქალაქეს ბევრ პრივილეგიას ანიჭებს, როგორიცაა, მაგალითად, იმუნიტეტი, ან ათავისუფლებს სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან პარლამენტსა თუ მის გარეთ გამოთქმული მოსაზრებების გამო, ის ბევრ შეზღუდვასაც ითვალისწინებს

საქართველოს კონსტიტუციის 39- მუხლის მიხედვით, რომელიც არეგულირებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას

პარლამენტის წევრს უფლება არ აქვს, ეკავოს რაიმე თანამდებობა საჯარო სამსახურში, ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. პარლამენტის წევრი შეიძლება ეწეოდეს საზოგადოებრივ საქმიანობას. პარლამენტის წევრი შეიძლება ეწეოდეს სამეცნიერო, პედაგოგიურ და სახელოვნებო საქმიანობას, თუ ეს საქმიანობა არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებას. შეუთავსებლობის შემთხვევებს განსაზღვრავს პარლამენტის რეგლამენტი.

ამ კონსტიტუციური ჩანაწერის მიხედვით, ოპოზიციის იმ წევრებს, რომლებმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მიიღეს მანდატები, მნიშვნელოვნად ეზღუდებათ, ჰქონდეთ შემოსავლის სხვა წყაროები, იმ ფონზე, რომ მათ არ სურთ არალეგიტიმურ პარლამენტში ყოფნა და ბევრი მათგანი პარლამენტარის ხელფასზე უარსაც ამბობს

ისინი ვერ შეძლებენ, მაგალითად, დაიკავონ უნივერსიტეტში რომელიმე ადმინისტრაციული თანამდებობა, რომელიც დამატებითი შემოსავლის წყარო იქნებოდა მათთვის პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად. მათ ეკრძალებათ ბიზნესის წარმოებაც – როგორც ბიზნესორგანიზაციების მმართველ თანამდებობებზე, ისე ნებისმიერი ისეთი საქმიანობა, რომლის მიზანიც მოგების მიღებაა

პარლამენტის წევრის მიერ ამ პუნქტის დარღვევა უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი ხდება, რაც მდგომარეობას სამართლებრივად კიდევ უფრო აბსურდულად აქცევს

ეს ფაქტი დამატებითი არგუმენტი იქნება ოპოზიციის დეპუტატებისთვის იმ შემთხვევაში, თუკი ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ, რის უფლებასაც იმავე 39- მუხლის მე-5 პუნქტი ითვალისწინებს.

პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს წყვეტს პარლამენტი. პარლამენტის ეს გადაწყვეტილება შეიძლება, გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში. პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი:

) პარლამენტს მიმართავს პირადი განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

რომ შევაჯამოთ, ქართული ოცნების მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება არა მხოლოდ არღვევს საქართველოს კონსტიტუციის დებულებებს პარლამენტის წევრის სტატუსთან დაკავშირებით და ამ პარლამენტის წევრთა კონსტიტუციურ უფლებას, საჯარო თანამდებობის დაკავებისა, რომელიც მოიცავს უფლებასაც, არ დაიკავონ ესა, თუ ის თანამდებობა, ასევე არალეგიტიმურს ხდის მათ მიმართ პარლამენტის წევრის სტატუსთან დაკავშირებული საქმიანობის უფლებების შეზღუდვებს

ეს შეზღუდვები გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი საკუთარი ნებით იკავებს არჩევით საჯარო თანამდებობას უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში. მაშინ, როდესაც ცხადადაა გამოვლენილი პირის ნება, ამა თუ იმ მიზეზით, არ დაიკავოს ის თანამდებობა, რომელზეც აირჩიეს, ამგვარი თანამდებობრივი შეზღუდვების გამოყენებას მის მიმართ გამართლება არ აქვს

იმაზე, რომ შეზღუდვები არაკონსტიტუციური და უსამართლოა, პარლამენტის არჩეული წევრებიც საუბრობენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ ამ კუთხით აბსურდული ვითარება იქმნება, ვინაიდან მისი პარტიის წევრები პარლამენტარის ხელფასების აღებაზე უარს ამბობენ, პარალელურად, კი მნიშვნელოვნად ეზღუდებათ შემოსავლის სხვა წყაროების მიღება

"ეს პრობლემა არის, იმიტომ, რომ, სანამ პარლამენტის წევრი ხარ, შეზღუდვა არის სხვა ანაზღაურებად სამუშაოზე, მარტო სამეცნიერო საქმიანობის უფლება გაქვს და ეს ცოტა გაუგებარია. ჩვენ უარი ვთქვით ხელფასზე, არ ვიღებთ ანაზღაურებას, მაგრამ ვრჩებით პარლამენტის წევრებად და შეკითხვა ჩნდება, რომ, მაგალითად, მე თუ მინდა, რომ გავაფორმო კონტრაქტი რომელიმე საკონსულტაციო ფირმასთან, ან დავიკავო ადმინისტრაციული პოსტი რომელიმე უნივერსიტეტში, ან საერთაშორისო ორგანიზაციაში დავიწყო მუშაობა, მაშინ რა ხდება? გამოდის, რომ კანონი უნდა დავარღვიო? ფაქტობრივად გამოდის, რომ სრულიად სამართლებრივად გაუგებარ მდგომარეობაში ხარ დარჩენილი იმიტომ, რომ შემოსავალი არ გაქვს, ამ დროს პარლამენტის წევრის სტატუსი გინარჩუნდება და გეზღუდება პიროვნული თავისუფლება". - ამბობს სალომე სამადაშვილი

ევროპული საქართველოს წევრის, არმაზ ახვლედიანი, რომლისთვისაც ასევე არ შეუწყვეტიათ უფლებამოსილება, ამბობს, რომ იმ ფონზე, როდესაც პარლამენტი არალეგიტიმურადაა შეკრებილი, ცალკეულ სამართლებრივ დეტალებზე საუბარი მეორეხარისხოვანია

"მიმაჩნია, რომ არასრულფასოვანია ახლა სამართლებრივი და პოლიტიკური პროცესი. როდესაც უკანონოდ, არალეგიტიმურად არის შეკრებილი პარლამენტი და ის არის არჩეული უსამართლო, არადემოკრატიული პროცესით, სისტემით, რაც იყო 31 ოქტომბრამდე, დღეს საუბარი ცალკეულ სამართლებრივ ნიუანსებზე მიმაჩნია მეორეხარისხოვნად, იმიტომ, რომ მთავარი საკითხი, ნდობა პარლამენტარისადმი და პარლამენტის ლეგიტიმურობა ეჭვის ქვეშაა". - ამბობს არმაზ ახვლედიანი


საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 1 თებერვალს ქართულმა ოცნებამ გადაწყვეტილება გამოაცხადა და თქვა, რომ ჯერჯერობით თავს შეიკავებს იმ 51 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტისგან, რომლებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, მიიჩნევენ რა, რომ არჩევნები არ გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას. 

პარტიები ხელისუფლებისგან მოითხოვენ ვადამდელი არჩევნების დანიშვნას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საარჩევნო კოდექსის რეფორმის პარალელურად. 

თავდაპირველად 8 ოპოზიციური პარტიიდან, არცერთი გეგმავდა პარლამენტში შესვლას. პირველები პარლამენტში პროპუტინური პატრიოტთა ალიანსის წევრები შევიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ პარტიის ლიდერებმა მანდატებზე უარი თქვეს, ცესკოსთვის საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით არ მიუმართავთ, შედეგად, სია მოძრავი გახდა. პარტიული კვოტით გასულმა 4-მა დეპუტატმა სახელად ევროპელი სოციალისტები დაირქვა. 

მანამ, სანამ პარლამენტში კიდევ ერთი პარტია, მოქალაქეები არ შევიდოდა, ევროპელი სოციალისტების პარლამენტში არსებობა მმართველი გუნდისთვის ერთადერთი "არგუმენტი" იყო, რომ პარლამენტი მართლაც მრავალფეროვანი იყო. 

ევროპელი სოციალისტებისა და მოქალაქეების გარდა, ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომლის წევრებსაც მანდატებზე უარი არ უთქვამთ, გირჩია. თუმცა, პარტიის სიის პირველმა ნომერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, პარტიის დატოვების შემდეგ მანდატზეც უარი თქვა.

თუ როდის დასრულდება ქართული ოცნების მიერ შექმნილი პარადოქსი, ამაზე პასუხი არ არსებობს. უცნობია ისიც, როდის შედგება ან შედგება, თუ არა მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. 51 დეპუტატი კვლავ ელოდება, როდის დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნას პარლამენტი. 

კომენტარები