პაპი ფრანცისკე

პაპმა ფრანცისკემ ეპისკოპოსთა სინოდის მდივნის მოადგილედ ქალი პირველად დანიშნა

რომის პაპი ფრანცისკე
Wallpaper Cave

პაპმა ფრანცისკემ დედა ნატალი ბეკვარტი ეპისკოპოსთა სინოდის მდივნის მოადგილედ დანიშნა. მას სინოდში ხმის უფლება ექნება. ეპისკოპოსთა სინოდი კათოლიკე ეკლესიის მაღალი იერარქებს კონსულტაციებს უწევს და ეკლესიაში წამოჭრილ ყველაზე საკამათო საკითხებს განიხილავს.

წარსულში ქალები სინოდის საქმიანობაში მონაწილეობას იღებდნენ დამკვირვებელთა და კონსულტანტთა რანგში. თუმცა მხოლოდ სინოდის მამებს, ეპისკოპოსებსა და არჩეულ კაც წარმომადგენლებს შეეძლოთ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება. 2018 წელს 10 000-ზე მეტმა ადამიანმა ხელი მოაწერა პეტიციას, რომელიც ქალებისთვის სინოდში ხმის უფლების მიცემას ითხოვდა.

დედა ნატალი ბეკვარტი სინოდის კონსულტანტი 2019 წლიდან იყო. მის გარდა პაპმა სინოდის მდივნის მოადგილედ ესპანელი მღვდელი ლუი მარინ დე სან მარტინი დანიშნა.

სინოდის გენერალური მდივნის, კარდინალ მარიო გრეკის, თანახმად, თანამდებობაზე ბეკვარტის დანიშვნა გამოხატავს პაპის სურვილს, ქალებმა უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ ეკლესიაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

კომენტარები