მე-10 მოწვევის პარლამენტი

ბოკერია წულუკიანზე: ძველი ანეკდოტია – კარგი ბავშვები აქეთ, ცუდები იქით და ვოვოჩკა ცალკე

"გაცვეთილი ანეკდოტია - საბავშვო ბაღში კარგი ბავშვები აქეთ, ცუდები იქით და ვოვოჩკა ცალკე, წულუკიანი რაღაც ამბავში კიდე ცალკე მოვლენაა". - ამის შესახებ პარტია ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ, ტვ პირველის ეთერში, პლენარული სხდომის დროს თეა წულუკიანის მიერ კონფიდენციალურობის უყურადღებოდ დარღვევასთან დაკავშირებით საუბრისას თქვა. 

"წულუკიანი რაღაც ამბავში კიდე ცალკე მოვლენაა, თუმცა, მარტო ცალკე მოვლენად განხილვაც არასწორია, საერთო კონტექსტში, ამ უტიფრობის, გათავხედების, ნებისმიერი კრიტიკის მიმართ დამოკიდებულების გამოვლინებაა მთლიანად ივანიშვილის მიერ მოყვანილი ამ პოლიტიკური კლოუნების მხრიდან ეს ამბავი. ძალიან საზიანოა ჩვენი ქვეყნისთვის, ამ ადამიანებს, ვინც ამაზე წუხს, მათ დროს და რესურსს უნდა ვახარჯინებდეთ იმ უმძიმეს ამოცანებზე, როგორიცაა გახელაძის ამბავი და ა.შ". - ამბობს ბოკერია. 

2 თებერვალს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, პარლამენტის კულტურისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა პარლამენტის სხდომაზე მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი საჯაროდ გამოაცხადა. 

ევროპარლამენტის მთავარმა წევრებმა, რომლებიც საქართველოს თემებზე მუშაობენ, სვენ მიქსერმა, ანდრიუს კუბილიუსმა, მარკეტა გრეგოროვამ, მაიკლ გაჰლერმა, პეტრას აუშტევიჩიუსმა და ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პარამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძისადმი მიწერილ წერილში შეშფოთება გამოხატეს პლენარული სხდომის დროს კონფიდენციალურობის უყურადღებოდ დარღვევასთან დაკავშირებით და, ასევე, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელისადმი არასასიამოვნო დამოკიდებულებისადმი. 

 ნიკა გვარამიას მობილურის ნომრის საჯაროდ გამოცხადებაზე ისინი წერენ, რომ ეს უსამოვნო და არაეთიკური ფაქტია. ისინი თალაკვაძეს სწერენ, რომ სამწუხაროა და ცუდი ტონია, როდესაც ევროკავშირის ელჩის მიერ მოვლენების ზუსტ შეფასებას მისი "კოლეგების მხრიდან მოჰყვება ახსნა-განმარტების მოთხოვნა".

წულუკიანის მიერ პარლამენტის ტრიბუნიდან ნიკა გვარამიას ნომრის საჯაროდ გამოცხადებას, კარლ ჰარცელი თავდაპირველად ასე გამოეხმაურა: "არასასიამოვნო იყო გუშინ ამის ნახვა. ყველამ ვიცით, რომ პირადი ცხოვრების დაცვის უფლება ფუნდამენტური საკითხია და ეს არაეთიკურად მიმაჩნია". 

ჰარცელის სიტყვების შემდეგ წულუკიანმა სურვილი გამოთქვა, რომ განცხადება მასთან ერთად განეხილა.

კარლ ჰარცელმა თეა წულუკიანთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ის თავის პოზიციაზე რჩება, თუმცა შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა და აღნიშნა, რომ ეს იყო შანსი, ორივე მხარე დარწმუნებულიყო, რომ ესმით ერთმანეთის პოზიციები.

თეა წულუკიანის თქმით, ნიკა გვარამიას პირადი ნომრის გასაჯაროებასთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის აზრი მისი პირადი პოზიციაა და არა ევროკავშირის.

 

კომენტარები