მე-10 მოწვევის პარლამენტი

ჰარცელი წულუკიანზე: მე ვრჩები ჩემს პოზიციაზე – მნიშვნელოვანია, რომ განხილვა გვქონდა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარესთან, თეა წულუკიანთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ ნიკა გვარამიას პირადი ნომრის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ის ისევ თავის პოზიციაზე რჩება.

"მივესალმები შეხვედრას, რადგან, ჩემი აზრით, ყოველთვის კარგია საკითხის განხილვა. ვიცით, რომ ის [თეა წულუკიანი] არ იყო მოხარული ჩემი გუშინდელი განცხადების გამო. ჩვენ გვქონდა შანსი, განგვეხილა ეს საკითხი და დავრწმუნებულიყავით, რომ ორივე მხარეს ესმის ერთმანეთის პოზიციები. მოხარული ვარ, რომ შეხვედრა გაიმართა.

დიახ, მე ვრჩები ჩემს პოზიციაზე. არ ვისაუბრებ განხილვის დეტალებზე, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს განხილვა გვქონდა". – თქვა კარლ ჰარცელმა

"არასასიამოვნო იყო გუშინ ამის ნახვა. ყველამ ვიცით, რომ პირადი ცხოვრების დაცვის უფლება ფუნდამენტური საკითხია და ეს არაეთიკურად მიმაჩნია". – ასე გამოეხმაურა გუშინ, 3 თებერვალს კარლ ჰარცელი თეა წულუკიანის მიერ პარლამენტის ტრიბუნიდან ნიკა გვარამიას ნომრის საჯაროდ გამოცხადებას. ჰარცელის სიტყვების შემდეგ, წულუკიანმა სურვილი გამოთქვა, რომ განცხადება მასთან ერთად განეხილა.

თეა წულუკიანი ნიკა გვარამიას ნომრის გამოცხადებით პარტია მოქალაქეების ლიდერს, ალეკო ელისაშვილს გამოეხმაურა, რომელმაც პარლამენტში თავისი პირველი გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი მობილურის ნომერი და მოქალაქეებს უთხრა, რომ ამჯერად დეპუტატის რანგში უპასუხებს.

წულუკიანის მიერ ნიკა გვარამიას ნომრის გასაჯაროებას საერთაშორისო გამჭვირვალობაც გამოეხმაურა, განცხადების მიხედვით, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ნომრის კანონსაწინააღმდეგო გასაჯაროება ნეგატიურ კამპანიას ახალისებს. 

კომენტარები