რუსეთი

პუტინის ნდობის რეიტინგი 5%-ით დაეცა, ნავალნისა კი 1%-ით გაიზარდა

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნდის ნდობის მაჩვენებელმა 1%-ით მოიმატა, ხოლო პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეიტინგი კი 5%-ით დაეცა. 

ასეთია სოციოლოგიური კვლევების ინსტიტუტ ლევადა-ცენტრის გამოკითხვის შედეგები, რომელიც 29 იანვრიდან 2 თებერვლამდე პერიოდში ჩატარდა. 

ეს პირველი კვლევაა, რომლის თანახმადაც ნავალნიმ რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერის, გენადი ზიუგანოვის რეიტინგს გაუსწრო. 

გამოკითხულებს სთხოვეს, შემოეხაზათ რამდენიმე პოლიტიკოსი, რომელსაც ენდობიან. 

პრეზიდენტ პუტინის ნდობის მაჩვენებელი 4 თვეში 34%-დან 29%-მდე დაეცა. რუსული მედიის ცნობით, პუტინის რეიტინგი ეტაპობრივად კლებულობს. 2017 წლის ნოემბერში მისი რეიტინგი 59% იყო, რის შემდეგაც, კლება დაიწყო. იშვიათად რეიტინგი მხოლოდ ერთი ან ორი პუნქტით იწევს მაღლა. მიუხედავად რეიტინგის კლებისა, რუსეთის მოსახლეობა პუტინს მაინც სხვა პოლიტიკოსებზე მეტად ენდობა.

მეორე ადგილს პრემიერმინისტრი, მიხაილ მიშუსტინი (12%), შემდეგ ადგილებს კი რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ვლადიმირ ჟირინოვსკი (10%), თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ (8%) და საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი (7%) იკავებენ. ყოველი მათგანის ნდობის მაჩვენებელმა დაიკლო. 

ალექსეი ნავალნი ერთადერთი რუსი პოლიტიკოსია, რომლის რეიტინგმაც მოიმატა. 

ლევადა-ცენტრის ცნობით, ბოლო წლის განმავლობაში არსებითად შეიცვალა ახალგაზრდების დამოკიდებულება. მაგალითად, თუკი 2020 წლის იანვარში პრეზიდენტის საქმიანობას დადებითად აფასებდა 18-დან 24 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის 58% და 25-დან 39 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის 62%, ამ კვლევაში რეიტინგი 51% და 57%-მდე დაეცა. 

კომენტარები