ლაშა თორდიას საქმე

კაპანაძე: ფარცხალაძის გამართლება ნათელი დადასტურებაა, რომ ქვეყანაში სასამართლო არ არსებობს

სერგი კაპანაძე
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძე ლაშა თორდიას ცემის საქმეზე ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის გამართლებას ეხმაურება. კაპანაძის თქმით, ფარცხალაძის გამართლება ნათელი დადასტურებაა, "რომ ქვეყანაში არანაირი სასამართლო არ არსებობს."

"ყველას ნანახი გვაქვს კადრები თორდიას როგორ სცემენ მისი დამქაშები, ყველამ კარგად ვიცით, რომ დამნაშავეა, ოღონდ გამართლდა იმ სასამართლოს მიერ, რომლისთვისაც როგორც ჩანს, ცალკე სამართალია ხელისუფლებასთან დაახლოებული პირებისთვის, რომლებიც კორუფციაში არიან ჩაფლულები და ცალკე სამართალი პოლიტიკური ოპონენტებისათვის და ჩვეულებრივი ადამიანებისათვის. აი, ასეთი სახელმწიფო მივიღეთ ჯამში ჩვენ ივანიშვილის მმართველობის შედეგად". – ამბობს კაპანაძე. 

ყოფილ მთავარ პროკურორს ბრალი 2017 წლის 13 მაისს აუდიტის სამსახურის მაშინდელი უფროსის, ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე 2018 წლის 5 ნოემბერს წარედგინა.

მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. ადვოკატის ინფორმაციით, ის დაკავებული არ ყოფილა და მხოლოდ ბრალი წარედგინა.

ლაშა თორდიაზე თავდასხმა 2017 წლის 12 მაისს, კლუბ "ელ ცენტროში" მოხდა. შედეგად, აუდიტის სამსახურის იმჟამინდელი ხელმძღვანელი ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ლაშა თორდია ამბობდა, რომ მას ფარცხალაძემ სცემა და ეს ფიზიკური ანგარიშწორება იყო, რაც მის საქმიანობას უკავშირდებოდა. 

საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ამბობდნენ, რომ საქმეზე გამოკითხული არც ერთი მოწმე, მათ შორის არც ლაშა თორდია არ მიუთითებს, რომ მას ხელი ოთარ ფარცხალაძემ დაარტყა. სამინისტრომ დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალაც გაავრცელა.

თავად ფარცხალაძე თორდიაზე თავდასხმას არ ადასტურებს და ამბობს, რომ "ინციდენტი იყო წამიერი" და მისი მხრიდან "ხელის შეხება არ ყოფილა".

კომენტარები