ლაშა თორდიას საქმე

თორდია ფარცხალაძეზე: შეიძლება სახელმძღვანელო გამოიცეს – როგორი არ უნდა იყოს მართლმსაჯულება

ტაბულა

"შეიძლება სახელმძღვანელოდ გამოიცეს, თუ როგორი არ შეიძლება იყოს მართლმსაჯულება და რა სამარცხვინოა ის ყველაფერი, რაც მოხდა". – ამბობს აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსი, ლაშა თორდია მისი ცემის საქმეზე ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის გამართლებაზე.

თორდიას თქმით, მიხეილ ჩოხელი, რომელიც დამნაშავედ ცნეს და 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს, თავდასხმაში მონაწილეობდა, თუმცა, მთავარი ფიგურანტი ოთარ ფარცხალაძეა. მისივე შეფასებით, საქმე ისე დასრულდა, "როგორც შეეფერებოდა ყველა განვლილ პროცედურას.  

"ვფიქრობდი, რომ 5 000 ლარიან ჯარიმას მაინც შეუფარდებდნენ, მაგრამ არც ეგ არ გააკეთეს. 

[...] ოთარ ფარცხალაძე ქვეყნის ბანდიტია, კრიმინალური დაჯგუფება აქვს. რომ შეხედავ, ეტყობა ვინც არის. არც ჩემთვის და არც ჩემი ოჯახისთვის მანდ ყოფნა უსაფრთხო არ იყო. ერთი წელი მანდ ვიყავი, აშკარა ფაქტი რომ მოხდა, განცხადებები იყო პოლიტიკოსებისგან გაკეთებული, რომ აუცილებლად გამოიძიებდნენ და ბოლომდე მიიყვანდნენ ამ საქმეს, მიუხედავად საფრთხისა, ვიყავი, არ წავსულვარ. მაგრამ აქტუალურობა რომ დაკარგა, მილიონი სხვა უბედურება რომ მოხდა კიდევ, იყო იმის საშიშროება, რომ ამ ყურადღების იქით შესაძლებელი იყო ჩემთვის პროვოკაციების მოწყობა". –ამბობს ლაშა თორდია მთავართან ინტერვიუში.

როგორც ლაშა თორდია ამბობს, აპირებს, რომ სტრასბურგის სასამართლოში შეიტანოს სარჩელი. 

"რა თქმა უნდა, ვიჩივლებ იმაზე, რომ გამოძიება მთლიანად იყო ფარსი. უნდა დაიწყოს თავიდან, პირველი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ სიმართლე დადგინდეს. ისეთი საქმე მიიტანეს სასამართლოში, რა უნდა დაედგინათ?" – ამბობს ის.  

ყოფილ მთავარ პროკურორს ბრალი 2017 წლის 13 მაისს აუდიტის სამსახურის მაშინდელი უფროსის, ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე 2018 წლის 5 ნოემბერს წარედგინა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. ადვოკატის ინფორმაციით, ის დაკავებული არ ყოფილა და მხოლოდ ბრალი წარედგინა.

ლაშა თორდიაზე თავდასხმა 2017 წლის 12 მაისს, კლუბ "ელ ცენტროში" მოხდა. შედეგად, აუდიტის სამსახურის იმჟამინდელი ხელმძღვანელი ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ლაშა თორდია ამბობდა, რომ მას ფარცხალაძემ სცემა და ეს ფიზიკური ანგარიშწორება იყო, რაც მის საქმიანობას უკავშირდებოდა. 

საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ამბობდნენ, რომ საქმეზე გამოკითხული არც ერთი მოწმე, მათ შორის არც ლაშა თორდია არ მიუთითებს, რომ მას ხელი ოთარ ფარცხალაძემ დაარტყა. სამინისტრომ დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალაც გაავრცელა.

თავად ფარცხალაძე თორდიაზე თავდასხმას არ ადასტურებს და ამბობს, რომ "ინციდენტი იყო წამიერი" და მისი მხრიდან "ხელის შეხება არ ყოფილა".

კომენტარები