ლაშა თორდიას საქმე

თორდია: შსს-ს ბრიფინგი სამარცხვინო იყო, საგამოძიებო კომისიის შექმნას ვითხოვ

გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია
ტაბულა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია შსს-ს ბრიფინგს "სამარცხვინოს" უწოდებს და მასზე თავდასხმის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. თორდიას თქმით, "შსს-მ კადრები წარმოაჩინა ისეთი რაკურსით და ხედით, რომ პირიქით, ჩემი დისკრედიტაცია მომხდარიყო, თითქოს მე დავარტყი პირველმა ხელი". გენერალური აუდიტორი სხვა ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებასაც ითხოვს.

"მათივე კადრებიდან ნათლად ჩანს თუ როგორ მირტყამს პირველი ოთარ ფარცხალაძე. მათივე კადრებიდან დასტურდება ის ფაქტი, რომ იქ არ ყოფილა წამიერი შეხვედრა და მომენტალური გადაკვეთა. კადრებიდან ჩანს, რომ ინციდენტი მოხდა და ისეა წარმოდგენილი, რომ შემდგომ ვერ დავინახოთ - რა გაგრძელება მოჰყვა ამ თავდასხმას. მე მინდა ცალსახად ვთქვა, რომ შსს არის დაინტერესებული, მიკერძოებული მხარე, რომელიც ახდენს ყველა გარემოების ინტერპრეტაციას, თუმცა ამ კადრებიდან კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ თავდასხმა განხორციელდა ოთარ ფარცხალაძის და მისი დაცვის წევრების მხრიდან" - განაცხადა თორდიამ და პარლამენტის თავმჯდომარეს საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოუწოდა.

"რადგან ჩემთვის შეუძლებელია, დავამტკიცო ჩემი სიმართლე. ყველა ნათლად ხედავს, რასაც აკეთებენ ეს ადამიანები, აქ ჩაერთო შსს და მთავარი პროკურატურა. ისინი ახდენენ სპეციალურად ისეთი კადრების დემონსტრირებას, რომელიც დაბადებს კითხვის ნიშნებს - თუ ვინ იყო პირველი დამსხმელი.

ამ დაწესებულებაში ძალიან ბევრი კამერაა, რომელიც ძალიან ახლო ხედით წარმოაჩენს - რა მოხდა რეალურად ელ ცენტროში, მოვითხოვ გასაჯაროვდეს ისეთი ჩანაწერები, რომელიც რეალობას ასახავს.

სასაცილოა მათი განცხადებები, თითქოს მიხეილ ჩოხელს აქვს დაზიანება, სასაცილოა, რომ ოთარ ფარცხალაძე თურმე დაზარალებულია. ახლა ე.წ ნეიტრალურ მოწმეებზე დაყრდნობით აცხადებს შსს, თითქოს მე განვახორციელე თავდასხმა ანუ გადავედით სხვა ეტაპზე - პირველი ეტაპი იყო, რომ არაფერი მომხდარა, მეორე ეტაპია, რომ - თითქოს მე დავესხი თავს ოთარ ფარცხალაძეს. ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები, ალბათ პირიქით, მე ვიქნები ბრალდებულის სკამზე, როგორც თავდასმხმელი ამდენ ადამიანზე.

სამარცხვინო იყო შსს-ს დღევანდელი ბრიფინგი და სამარცხვინოა მათი ქმედება. მე სხვა გამოსავალი არ მაქვს - ვითხოვ საგამოძიებო კომისიის შექმნას და ვთხოვ დიპლომატიურ კორპუსს, დროულად ჩაერიონ მიმდინარე პროცესებში. მე ვხედავ ისეთ გარემოებებს, რომელიც მაიძულებს, მივმართო სხვა ღონისძიებებს, რადგან ვხედავ, რომ ვერანაირ სამართალს ვერ ვიპოვნი" - განაცხადა გენერალურმა აუდიტორმა.

ლაშა თორდიას შეფასებით, საინტერესოა ის ფაქტი, რომ შსს-ს დღევანდელი ბრიფინგი აუდიტის სამსახურის პრეზენტაციას დაემთხვა.

"არავის არ ეგონოს, ვინმე რამეს გადადებს. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნათლად უნდა გაიგოს თუ რა გამოწვევბის წინაშე ვდგევართ ჩვენ. აუდიტის სამსახურზე ხორციელდება ზეწოლა ახლა უკვე მთელი იმ უწყებების მხრიდან, რომელიც ჩართული არიან საქმის გამოძიებაში, რომ ჩვენი სიმართლე ვერ დავამტკიცოთ.

არ ვაპირებ, ერთი ნაბიჯიც კი გადავდგა უკან და გადავაბარო ჩვენი ინსტიტუცია ოთარ ფარცხალაძისნაირ ადამიანებს, და მათ, ვინც ხელს უწყობენ ფარცხალაძეს, რომ გამოძვრეს ამ სიტუაციიდან. ვარწმუნებ, ის ამ სიტიაციდან ასე მარტივად ვერ გამოძვრება, რაც არ უნდა შორიდან და გვერდიდან მოახდინონ დემონსტრირება ვიდეოკადრების, მათ ეს ვერ გადაარჩენს, რადგან არის სხვა კადრები, სადაც ჩანს ოთარ ფარცხალაძე როგორ მესმის თავს და შემდეგ, როგორ მირტყამენ მისი თანმხლები პირები რამდენიმე წამის მანძილზე გამეტებით, ამასაც აუცილებლად მივაღწევ, რომ გასაჯაროვდეს" - თქვა გენერალურმა აუდიტორმა.

ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძეს თავდასხმასა და ცემაში ადანაშაულებს. ის მომხდარს აუდიტის სამსახურის საქმიანობას უკავშირებს, კერძოდ კი, 2016 წელს მიწების გადაცემას, სადაც ფარცხალაძე ფიგურირებს. გამოძიება დაწყებულია სსკ 126-ე, ძალადობის მუხლით

კომენტარები