კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: შეირჩა 10 საავადმყოფო თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც განხორციელდება აცრები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში 10 საავადმყოფო შეარჩიეს, სადაც 40 ბრიგადა მოქალაქეებს კორონავირუსზე აცრის. 

"მოგეხსენებათ, რომ აცრა ნებაყოფლობითია და ჩვენ ველოდებით, რომ შეირჩევა სწორედ ეს ჯგუფი, დაახლოებით 14 000 ადამიანი, ვინც პირველ ეტაპზე აიცრებიან. რადგან ეს არის Pfizer-ის ვაქცინა და ის საჭიროებს ულტრადაბალ ტემპერატურაზე შენახვას -70-80 გრადუსზე, ამის საშუალება დღეს ჩვენ გვაქვს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ამიტომ შემოსული ვაქცინა დასაწყობდება დაავადება კონტროლის ცენტრის თბილისის, სასაწყობე მეურნეობაში, ასევე ქუთაისსა და ბათუმში". – ამბობს გამყრელიძე. 

გამყრელიძის თქმით, თითოეული ბრიგადა 3 ადამიანისგან შედგება - ამცრელისგან, ექიმისგან, რომელიც მოქალაქეს სპეციალურად შედგენილი კითხვარიდან უსვამს კითხვებს და რეგისტრატორისგან, რომელსაც მისი მონაცემები იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში შეაქვს.

"თითოეული ბრიგადისთვის გათვლილია, რომ უნდა აიცრას 40-42 ადამიანი, შესაბამისად, დღის განმავლობაში, ვფიქრობთ, რომ აიცრება 1 000-მდე ადამიანი ამ 40 ბრიგადის მიერ და ამ 14 000 ადამიანის აცრას, 1 აცრას, დაახლოებით ვანგარიშობთ, დასჭირდება 2 კვირა. 3 კვირის შემდეგ, კიდევ, თითოეული ადამიანი დაბარებული იქნება - როგორც შეხსენება მიუვა SMS-ით, ასევე მიეცემა სპეციალური ფორმა, რომ 3 კვირის შემდეგ ისევ უნდა მოვიდეს და ვაქცინის მე-2 დოზა გაიკეთოს". – ამბობს ამირან გამყრელიძე. 


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანამ გუშინ, 30 იანვარს მიიღო დასტური, რომ თებერვლის შუა რიცხვებიდან თვის ბოლომდე Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზას მივიღებთ. გაბუნიას თქმით, პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალი აიცრება და ვაქცინაცია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის კლინიკებში ჩატარდება.

ამერიკული გამოცემა Bloomberg-ის მიერ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური დაფარვის პლატფორმის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოს ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მხოლოდ 186 000 დოზა აქვს შეძენილი, რაც მოსახლეობის მხოლოდ 5%-ისთვის იქნება საკმარისი. 

რას ითვალისწინებს საქართველოში კორონავირუსის ვაქცინაციის დანერგვის გეგმა, ვის როდის შეეძლება აცრა მთავრობის გეგმის მიხედვით და სად იქნება ეს შესაძლებელი - წაიკითხეთ აქ

კომენტარები