მე-10 მოწვევის პარლამენტი

ზურაბიშვილი: უმრავლესობის მოქმედებას ოპოზიციის გარეშე შეცდომის დაშვების მეტი რისკი ახლავს 

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, მეათე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნამდე მიმართვას ავრცელებს. მიმართვაში პრეზიდენტი მხარეებს მოუწოდებს გონივრული გადაწყვეტილებებისკენ და ამბობს, რომ უმრავლესობისთვის პარლამენტში ოპოზიციის არსებობა მნიშვნელოვანია, რადგან უმრავლესობის მოქმედებას ოპოზიციის გარეშე შეცდომის დაშვების მეტი რისკი ახლავს.

"უმრავლესობის პასუხისმგებლობაც დიდია: მას არანაკლებ სჭირდება ოპოზიცია, რომელიც გადაწყვეტილებებს კითხვის და კრიტიკის ქვეშ დააყენებს - ეს დემოკრატიული სისტემისთვის აუცილებლობაა! უმრავლესობის მოქმედებას ოპოზიციის გარეშე, შეცდომის დაშვების მეტი რისკი ახლავს.

სამაგიეროდ, საპარლამენტო დებატის რეჟიმი, თუნდაც მძაფრი და ზოგჯერ დაუნდობელი, არა მხოლოდ არსებული კრიზისის მართვისთვის გვჭირდება, არამედ არანაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენი მთავარი გამოწვევების დასაძლევად, როგორიც არის კონფლიქტების მოგვარება, განვითარების ახალი გრძელვადიანი გეგმა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ჩასატარებელი რეფორმების დაგეგმვა. ეს ამბიციური მიზნები მხოლოდ ერთმანეთის მოსმენით და ერთიანი ძალებით თუ მიიღწევა!" - ამბობს ზურაბიშვილი.

პრეზიდენტმა ოპოზიციას მოუწოდა "დაფიქრდეს, პატივის სცეს ამომრჩეველს და მათი მანდატით მიცემული დავალება შეასრულოს", უმრავლესობას კი "არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის ნაადრევი გადაწყვეტილება და მისცეს დრო ოპოზიციას სწორი გადაწყვეტილების მისაღებად".

ხვალ, 2 თებერვალს, პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების შეწყვეტას უყრის კენჭს.

დღეს პარტია გირჩმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ქართულ ოცნებას თხოვნით მიმართავს, რომ ხვალინდელ სხდომაზე მხარი არ დაუჭირონ ოპოზიციონერებისთვის საპარლამენტო მანდატების გაუქმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავსი მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს გირჩის წევრებიც მიმართავენ.

მანდატების გაუქმების მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოსთვის არ მიუმართავს პარტია მოქალაქეებსა და გირჩის სამ წევრს. პარლამენტში უკვე შევიდა პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო სიის 4 დეპუტატი, რომლებმაც ახალი პარტია, ევროპელი სოციალისტები დააფუძნეს. ამასთან ერთად, პარტია მოქალაქეების ლიდერების თქმით, საკანონმდებლო ორგანოში შესვლა მათაც გადაწყვეტილი აქვთ.

ოპოზიცია ხელისუფლებისგან ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმას, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს და საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს. ამ დროისთვის 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან საპარლამენტო მანდატებზე უმრავლესობას უარი აქვს ნათქვამი.

კომენტარები