ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები

იულია ნავალნაია ქმრის მხარდამჭერ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის დააჯარიმეს

იულია ნავალნაია
RBK

მოსკოვის სასამართლომ იულია ნავალნაია ქმრის, ალექსეის, მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობისთვის 20 000 რუბლით (870 ლარი) დააჯარიმა. ინფორმაცია ნავალნაიას ადვოკატმა, სვეტლანა დავიდოვამ დაადასტურა.

იულია ნავალნაია სასამართლომ დამნაშავედ არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობის ცნო. ის 31 დეკემბერს, მოსკოვში, საპროტესტო აქციაზე დააკავეს. ნავალნაია პოლიციას სამი საათი ჰყავდა დაკავებული, რის შემდეგაც ადმინისტრაციული პროტოკოლით გაათავისუფლეს.

პოლიციამ იულია ნავალნაია 23 იანვარს გამართული აქციის დროსაც დააკავა.

31 იანვარს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია Ovd-Info-ს ინფორმაციით, მთლიანობაში პოლიციამ 5 000-ზე მეტი ადამიანი დააკავა. ორგანიზაციის თანახმად, მსგავსი მასშტაბის დაკავებები მას არასოდეს აღურიცხავს.


ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები თავდაპირველად 23 იანვარს გაიმართა. 31 იანვარს დაგეგმილი მორიგი აქციების გამართვამდე ნავალნის რამდენიმე თანამოაზრეს შინაპატიმრობა მიუსაჯეს. ნავალნის ძმა, ოლეგ ნავალნი, ოპოზიციონერი და ნავალნის ანტიკორუფციული სააგენტოს ადვოკატი, ლიუბოვ სობოლი და ნავალნის მოსკოვის ოფისის კოორდინატორი, ოლეგ სტეპანოვი 23 მარტამდე შინაპატიმრობაში იქნებიან.

28 იანვარს  რუსეთის სასამართლომ ალექსეი ნავალნი პატიმრობაში დატოვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნავალნი 15 თებერვლამდე დაპატიმრებული უნდა იყოს. ამავე დღეს ნავალნიმ საგამოძიებო იზოლატორიდან მიმართვა გაავრცელა და მხარდამჭერებს 31 იანვარს საპროტესტო აქციებზე გამოსვლისკენ მოუწოდა.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 17 იანვარს რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს. 2014 წლის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადისა და პირობითი სასჯელის დარღვევისთვის სასამართლომ მას 30 დღით პატიმრობა მიუსაჯა. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახური ნავალნისთის პირობითი სასჯელის პატიმრობით ჩანაცვლებას ითხოვს. ამ საქმეზე სასამართლო პროცესი 2 თებერვალს დაიწყება.

12 იანვარს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს მიმართა, იმისათვის, რომ   "ივ როშეს" საქმესთან  დაკავშირებით ნავალნის პირობითი პატიმრობა თავისუფლების აღკვეთით შეეცვალოს. დეკემბრის ბოლოს სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის დაემუქრა, რომ, თუ ის 29 დეკემბრის 9:00 საათზე უწყების ფილიალში არ გამოცხადებოდა, პირობითი სასჯელის რეალური პატიმრობით შეცვლას მოითხოვდა.

ნერვულ აგენტ "ნოვიჩოკით" მოწამვლის შემდეგ ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა და, როგორც მისმა ადვოკატმა აღნიშნა, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მიერ დაწესებულ ვადებში რუსეთში ვერ დაბრუნდებოდა.

ალექსეი ნავალნი "ივ როშეს" საქმესთან დაკავშირებით გამოსაცდელი ვადა აქვს. 2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის განკარგულებით, მას 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა მიესაჯა. მოგვიანებითგამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა. თუ სასამართლო სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მხარეს დაიჭერს, ნავალნის, შესაძლოა, 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.

გარდა ამისა, დეკემბრის ბოლოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით ახალი საქმე აღძრა. გამოძიების ვერსიით, ნავალნის ორგანიზაცია ანტიკორუფციულმა ფონდმა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა 356 მილიონი რუბლი, რომელიც შემოწირულობებით შეგროვდა. ამით საქმე აღძრულია ჯგუფის მიერ ჩადენილი ორგანიზებული თაღლითობისთვის, რომელიც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებიდან რამდენიმე დღეში გამოქვეყნდა ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის მიერ ჩატარებული გამოძიება პუტინის ფარული ქონების შესახებ.

კომენტარები