ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები

ლიტვის ხელისუფლებამ ნავალნის თანამოაზრე ლეონიდ ვოლკოვის დაკავებაზე უარი თქვა

ლეონიდ ვოლკოვი
Reuters

ლიტვის ხელისუფლება არ შეასრულებს რუსეთის მოთხოვნას, დააკავოს ალექსეი ნავალნის რეგიონალური შტაბების ხელმძღვანელი, ლეონის ვოლკოვი. რუსეთის ფედერაციამ ვოლკოვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

ლიტვის შინაგან საქმეთა მინისტრმა, აგნე ბილოტაიტემ 10 თებერვალს გააკრიტიკა "საერთაშორისო ინსტრუმენტების პოლიტიკურად მოტივირებული სამართალდევნის გამოყენებისთვის". მინისტრმა აღნიშნა, რომ ინტერპოლის პოლიტიკური მიზნებით გამოყენება ამ ორგანიზაციის კონსტიტუციით აკრძალულია.  

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა კი აღნიშნა, რომ საერთაშორისო ძებნის ინსტრუმენტის ოპოზიციის წინააღმდეგ გამოყენება ინტერპოლში რუსეთის დისკრედიტაციას იწვევს.

10 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ლეონიდ ვოლკოვზე, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. პოლიტიკოსს არასანქცირებულ აქციებში არასრულწლოვნების ჩართვაში ადანაშაულებენ. გამოძიების ვერსიით, ვოლკოვი მოზარდებს 23 იანვრის აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდებდა. თავად პოლიტიკოსი ბრალს უარყოფს. მან თქვა, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე უსაფუძვლო, "მოგონილი" და საგამოძიებო კომიტეტის პიარკამპანიის ნაწილია.


რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი მასშტაბური აქციები 23 იანვარსა და 31 იანვარს გაიმართა. პოლიციამ ათასობით ადამიანი დააკავა. აქციის მონაწილეები ნავალნის გათავისუფლებას ითხოვდნენ.

ალექსეი ნავალნის 2 თებერვალს, 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

ალექსეი ნავალნი 17 იანვარს რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს. თავდაპირველად მას 2014 წლის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადისა და პირობითი სასჯელის დარღვევისთვის სასამართლომ 30 დღით პატიმრობა მიუსაჯა.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი.

2014 წელს რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული".

ამასთან ერთად,  ნავალნის წინააღმდეგ აღძრულ კიდევ ერთ საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ამჯერად ნავალნის ბრალად ედება შეურაცხყოფის მიყენება მეორე მსოფლიო ომის ვეტერანისათვის, რომელმაც პუტინის მიერ განხორციელებული რეფორმების პროპაგანდისტულ ვიდეოში მიიღო მონაწილეობა. საქმეზე მოსმენა 12 თებერვლამდე გადადეს. 

ამავდროულად, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერებმა გამოაცხადეს, რომ მისი გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესო აქციებს გაზაფხულამდე შეწყვეტენ. მიზეზად პოლიციის მხრიდან ძალადობა და დემონსტრანტების დაკავება სახელდება. ლეონიდ ვოლკოვი ამბობს, რომ ეს ორგანიზაციის გეგმებს და სექტემბერში დანიშნული საპარლამენტო არჩევნების კამპანიას შეაფერხებს. ვოლკოვი ამბობს, რომ ნავალნის გათავისუფლების მცდელობას უცხოეთიდან ზეწოლის გაზრდის მეშვეობით გააგრძელებენ.

კომენტარები