ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები

რუსეთში აქციების გამართვამდე სობოლს, ნავალნის ძმას და თანამოაზრეებს შინაპატიმრობა მიუსაჯეს

ლიუბოვ სობოლი ტვერსკის სასამართლოში განაჩენს უსმენს.
DW

მას შემდეგ, რაც 23 იანვარს დაპატიმრებული რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ არასანქცირებულ აქციას ათიათასობით ადამიანი შეუერთდა, 31 იანვარს დაგეგმილი მორიგი აქციების გამართვამდე ნავალნის რამდენიმე თანამოაზრეს შინაპატიმრობა მიუსაჯეს.

ნავალნის ძმა, ოლეგ ნავალნი, ოპოზიციონერი და ნავალნის ანტიკორუფციული სააგენტოს ადვოკატი, ლიუბოვ სობოლი და ნავალნის მოსკოვის ოფისის კოორდინატორი, ოლეგ სტეპანოვი 23 მარტამდე შინაპატიმრობაში იქნებიან.

2-თვიანი შინაპატიმრობა მიუსაჯეს Pussy Riot-ის წევრს, მარია ალიოხინას და ნავალნის ოფთალმოლოგს და დამოუკიდებელ ექიმთა ალიანსის უფროს, ანასტასია ვასილიევას.

მათ ბრალი წაუყენეს კორონავირუსის პანდემიის დროს შეზღუდვების დარღვევისთვის, მასობრივი საპროტესტო აქციებში ჩართვის მოწოდებისთვის.

29 იანვარს გამომძიებლებმა ნავალნისთან დაახლოებული პირი, ლეონიდ ვოლკოვი, ძებნილად გამოაცხადეს მას შემდეგ, რაც მას ოფიციალურად წარუდგინეს ბრალი მოზარდებისთვის არასანქცირებულ აქციებში დაჟინებით მოწოდების გამო. ვოლკოვი ამჟამად რუსეთში არ იმყოფება. 

ნავალნის თანამოაზრეები ამბობენ, რომ მათ კამპანიის ჩასახშობად დევნიან.

29 იანვარს მოსკოვის პოლიციაში დააანონსეს, რომ "არასანქცირებული შეკრებებისკენ მოწოდებების გამო" მეტროს შვიდი სადგური დაიხურება და რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება. 

პოლიცია აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ "არასანქცირებულ მსვლელობებში, დემონსტრაციებში, პიკეტებში მონაწილეობა კანონით დასჯადია".

აღსანიშნავია, რომ 31 იანვარს მოსკოვის ცენტრში კაფეები, რესტორნები და მაღაზიები დაიხურება. მოსკოვის მერიას არ დაუკონკტერებია, თუ რასთანაა დაკავშირებული აღნიშნული შეზღუდვები. 

28 იანვარს  რუსეთის სასამართლომ ალექსეი ნავალნი პატიმრობაში დატოვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნავალნი 15 თებერვლამდე დაპატიმრებული უნდა იყოს.

ამავე დღეს ნავალნიმ საგამოძიებო იზოლატორიდან მიმართვა გაავრცელა და მხარდამჭერებს 31 იანვარს საპროტესტო აქციებზე გამოსვლისკენ მოუწოდა.

"გააგრძელთ გამოსვლა, ნურაფრის გეშინიათ. არავის უნდა იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც მეფობს განუკითხაობა და კორუფცია. ჩვენს მხარესაა უმრავლესობა, მოდი გავაღვიძოთ ის" – წერს ალექსეი ნავალნი მიმართვის წერილში.


23 იანვარს რუსეთში გაიმართა ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები "თავისუფლება ნავალნის". რუსეთში ბოლო წლებში ეს ყველაზე მასშტაბური აქციები იყო. პროტესტს ქვეყნის მასშტაბით ათიათასობით ადამიანი შეუერთდა. ნავალნის შტაბი აქციის ჩატარებას 93 ქალაქში გეგმავდა. აქციები ასევე გაიმართა საზღვარგარეთ: ავსტრალიაში, გერმანიაში, ავსტრიაში, ჩეხეთში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში.

აქციებზე 3900-მდე დემონსტრანტი დააკავეს. მოსკოვში დააკავეს ნავალნის ცოლი, იულია ნავალნია და პოლიტიკოსის თანამებრძოლი, ლიუბოვ სობოლი.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 17 იანვარს რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს. 2014 წლის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადისა და პირობითი სასჯელის დარღვევისთვის სასამართლომ მას 30 დღით პატიმრობა მიუსაჯა. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახური ნავალნისთის პირობითი სასჯელის პატიმრობით ჩანაცვლებას ითხოვს. ამ საქმეზე სასამართლო პროცესი 2 თებერვლას დაიწყება.

12 იანვარს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს მიმართა, რათა "ივ როშეს" საქმესთან  დაკავშირებით ნავალნის პირობითი პატიმრობა თავისუფლების აღკვეთით შეეცვალოს. დეკემბრის ბოლოს სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის დაემუქრა, რომ, თუ ის 29 დეკემბრის 9:00 საათზე უწყების ფილიალში არ გამოცხადებოდა, პირობითი სასჯელის რეალური პატიმრობით შეცვლას მოითხოვდა.

ნერვულ აგენტ "ნოვიჩოკით" მოწამვლის შემდეგ ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა და, როგორც მისმა ადვოკატმა აღნიშნა, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მიერ დაწესებულ ვადებში რუსეთში ვერ დაბრუნდებოდა.

ალექსეი ნავალნი "ივ როშეს" საქმესთან დაკავშირებით გამოსაცდელი ვადა აქვს. 2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის განკარგულებით, მას 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა მიესაჯა. მოგვიანებითგამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა. თუ სასამართლო სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მხარეს დაიჭერს, ნავალნის, შესაძლოა, 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.

გარდა ამისა, დეკემბრის ბოლოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით ახალი საქმე აღძრა. გამოძიების ვერსიით, ნავალნის ორგანიზაცია ანტიკორუფციულმა ფონდმა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა 356 მილიონი რუბლი, რომელიც შემოწირულობებით შეგროვდა. ამით საქმე აღძრულია ჯგუფის მიერ ჩადენილი ორგანიზებული თაღლითობისთვის, რომელიც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებიდან რამდენიმე დღეში გამოქვეყნდა ნავალნის ანტიკორუფციული ფონდი მიერ ჩატარებული გამოძიება პუტინის ფარულ ქონებაზე.

კომენტარები