მე-10 მოწვევის პარლამენტი

თალაკვაძე ოპოზიციის მანდატების გაუქმებაზე: ვერ გადაიდება და არც გადაიდება

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე პარტია გირჩის თხოვნას ეხმაურება, რომ კენჭი არ უყარონ, ან ჩააგდონ ოპოზიციის განცხადებების განხილვა საპარლამენტო მანდატების გაუქმების შესახებ. თალაკვაძის თქმით, საკითხს პარლამენტი 2 თებერვალს განიხილავს, თარიღი კი "ვერ გადაიდება და არც გადაიდება".

"გავიდა უკვე სამი თვე და არაერთი მოლაპარაკება ჩატარდა. ყველას ჰქონდა საშუალება, რომ საკუთარი პოზიციები ჩამოეყალიბებინა. თუ გირჩი ითხოვს, კიდე გვაცალეთ და დაგველოდეთო, სამაგიეროდ ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი ერთი თვე გვამუნათებდა და ატყუებდა საზოგადოებას, პარლამენტი კანონს არღვევს და ამ საკითხს ჩქარა არ განიხილავსო. კანონის და ვადების სრული დაცვით, ამ საკითხის განხილვა მოხდება 2 თებერვალს. ვერ გადაიდება და არც გადაიდება". – თქვა თალაკვაძემ იმედის ეთერში. 

გირჩის ლიდერის, იაგო ხვიჩიას თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს სთხოვა, რომ კენჭი არ უყარონ, ან ჩააგდონ ოპოზიციის განცხადებები საპარლამენტო მანდატების გაუქმების შესახებ. მისივე თქმით, მოლაპარაკებების შესახებ დისკუსიები სულ რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

29 იანვარს მოქალაქეების წევრები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს. მანდატებზე უარი არ უთქვამს პროპუტინური პატრიოტთა ალიანსის სიის ოთხ წევრს, რომლებიც პარლამენტში ევროპელი სოციალისტების სახელით შევიდნენ. პარლამენტისთვის მანდტაების გაუქმების მოთხოვნით არ მიუმართავს გირჩის სამ წევრს.

60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან უმრავლესობამ მანდატებზე უარი თქვა. ისინი ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმას, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ. მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს პარლამენტი კენჭს 2 თებერვალს უყრის. 

კომენტარები