არჩევნები 2020

ხვიჩია მოქალაქეების პარლამენტში შესვლაზე: ჩვენთვის არაფერი შეცვლილა

იაგო ხვიჩია

გირჩის თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მის პარტიას ჯერჯერობით პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ შეუცვლია. ამის შესახებ იაგო ხვიჩია ტაბულას ესაუბრა. გირჩის თავმჯდომარეს ვკითხეთ, კოლეგების, ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის მსგავსად, მისი პარტიაც ხომ არ გეგმავს პარლამენტში შესვლას, ვინაიდან ბოლო პერიოდში ეს ორი პარტია, ნაცვლად საერთო ოპოზიციური შეხვედრებისა, მოლაპარაკებებს ერთმანეთთან მართავს.

"არაფერი არ შეცვლილა, ჩვენ აქამდე როგორც ვფიქრობდით, ისევ ისე ვფიქრობთ. პოლიტმატიმართა ნაწილის გამოშვება კარგია და ხელს უწყობს პოლიტიკურ პროცესს, მაგრამ ეს არ გამცდარა ჩვენი პარლამენტში შესვლის საფუძველს." – თქვა ხვიჩიამ.

60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან უმრავლესობამ მანდატებზე უარი თქვა. ისინი ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმას, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ. მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს პარლამენტი კენჭს 2 თებერვალს უყრის.

მანდატებზე უარი არ უთქვამს პროპუტინური პატრიოტთა ალიანსის სიის ოთხ წევრს, რომლებიც პარლამენტში ევროპელი სოციალისტების სახელით შევიდნენ. მათგან სამს - ფრიდონ ინჯიას, გოჩა ენუქიძესა და დავით ზილფიმიანს მანდატები პარტიის იმ ლიდერების ნაცვლად ერგოთ, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი თქვეს, ხოლო მეოთხე - ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში პარტიული სიით მოხვდა.

მანდატებზე ასევე უარი არ უთქვამთ გირჩის სამ და მოქალაქეების ორ წევრს, თუმცა დღეს, პარტია მოქალაქეების და ქართული ოცნების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ საბოლოოდ, შეთანხმებას მიაღწიეს და ლევან იოსელიანთან ერთად საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვება.

ელისაშვილის თქმით, ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც გულისხმობს საარჩევნო საკითხების ფუნდამენტურ ცვლილებას და დოკუმენტის მიხედვით, ეს საკითხები პარლამენტში პირველ მარტამდე ინიცირდება, ხოლო განიხილება პირველ მაისამდე. ელისაშვილი აღნიშნავს, რომ თუ საკითხები პირველ მარტამდე არ დაინიცირდება, მოქალაქეები პარლამენტიდან გამოვლენ.

კომენტარები