კორონავირუსი და შეზღუდვები

ცქიტიშვილი ბიზნესთან შეხვედრაზე: იყო განცდა, რომ ჩვენ ერთად ვმუშაობთ, ერთი მხარე ვართ

"ბიზნესის მხრიდან ნამდვილად იყო განცდა, რომ ჩვენ ერთად ვმუშაობთ". – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ბიზნესსექტორთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ბიზნესის წარმომადგენლებს მთავრობის მიმართ ჰქონდათ კითხვები ამა თუ იმ შეზღუდვის ლოგიკასთან დაკავშირებით. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორიც ესწრებოდნენ.

"დღეს ჩვენ გვქონდა საშუალება, ბიზნესისთვის აგვეხსნა, პასუხი გაგვეცა მათ შორის იმ კითხვებზე, სადაც ისინი ამა თუ იმ გადაწყვეტილების ლოგიკას ვერ ხედავდნენ.

გვქონდა საუბარი, როგორ შეიძლება, ერთობლივად ვიმუშაოთ, იმისთვის, რომ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა იყოს კარგად მართვადი პროცესი ბიზნესის მხრიდანაც და სახელმწიფოს მხრიდანაც... არ ვართ იმ ვითარებაში, როდესაც ულტიმატუმების ენით ვესაუბრებით ერთმანეთს, გვაქვს სრული აღქმა ჩვენც და ბიზნესსაც, რომ მაგიდის გარშემო ყველანი ერთნი ვართ, ერთი მხარე ვართ". – ამბობს ცქიტიშვილი.

1-ლი თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით იხსნება სავაჭრო მოლები, თუმცა, ღია რესტორნები მხოლოდ აჭარის რეგიონში. ასევე, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში დახურული რჩება სკოლები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. კვლავ ძალაში რჩება კომენდანტის საათი და სამთო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები. ღია და დახურული ბაზრობები მხოლოდ 15 თებერვლიდან დაიწყებენ ფუნქციონირებას. კვლავ აკრძალულია საქალაქთაშორისო გადაადგილება. ამის გამო, რამდენიმე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით.

კომენტარები