შეზღუდვები კორონავირუსის გამო

"ეს არის რიგითი ქართველის მდგომარეობა" – აქტივისტებმა მერიასთან თავი მიიჯაჭვეს

ფორმულა/კადრი ვიდეოდან

აქტივისტებმა თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს და შესასვლელში თავი მიიჯაჭვეს. 

"ეს არის დღეს რიგითი ქართველის მდგომარეობა. დღეს ყველა ჯაჭვებით არის გარშემორტყმული ხელისუფლების მიერ და იმ უკანონო, მავნებელი რეგულაციების შედეგად, რომელსაც ჩვენი ე.წ. ხელისუფლება გვიწესებს და გვივადებს განუსაზღვრელი ვადით.

რა გარანტია გვაქვს, რომ არ დაესიზმრებათ და პირველ აპრილამდე არ გადაგვიწევენ? რეალურად, ეს არის გაუაზრებელი ქმედება, რომელიც მძიმე მდგომარეობაში აგდებს ჩვენს თანამოქალაქეებს". - ამბობს მიხეილ ქუმსიშვილი, ლეიბორისტული პარტიის წევრი ფორმულასთან ინტერვიუში.  

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სავაჭრო ცენტრები და ობიექტები ყველა რეგიონში იხსნება, რამდენიმე ქალაქში კი, სკოლების და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაც აღდგება. ეს არ შეეხება თბილისს, რუსთავს და ქუთაისს.  

კონკრეტულად:

  • 1-ელი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნება. თუმცა, ვიცეპრემიერის თქმით, იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები იხსნება, შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი, კვლავ დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ.
  • თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში აღდგება სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ტრანსპორტის და სკოლების გახსნა პირველ მარტამდე არ იგეგმება.
  • პირველი თებერვლიდან, იხსნება შეზღუდვა რეგულარულ ფრენებზე. რეისების შესრულება ყველა ავიაკომპანიას შეეძლება, თუმცა, "გარკვეული სიხშირეებით".
  • ღია და დახურული ბაზრობები საქართველოს ყველა ქალაქში 15 თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას.
  • 1-ელ მარტამდე, კომენდანტის საათი მთელი ქვეყნის მასშტაბით კვლავ 21:00-დან 05:00-მდე იმოქმედებს. 
  • საბავშვო ბაღების, პროფსასწავლებლების და უნივერსიტეტების გახსნა პირველი მარტიდან იგეგმება.
  • ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებსა და საქალაქთშორისო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები.
  • შეზღუდული რჩება ქორწილები ან სხვა დიდი წვეულებების გადახდა/აღნიშვნა;
  • სავალდებულო რჩება პირბადის ტარება როგორც შიდა, ისე გარე სივრცეებში.

 

კომენტარები