ტურიზმი

გახარია: თანმიმდევრულად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი ავამუშაოთ

"ვიცეპრემიერი მაია ცქიტიშვილი ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მიიღებს დავალებას, რომ უახლოეს პერიოდში, ის დარგები, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, პირველ რიგში, ეს არის ტურიზმი,  მათთან დაიწყონ შეხვედრები და იმ გეგმის შეთანხმება, რომელიც ჩვენ გვაქვს" - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, "ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, თანმიმდევრულად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი დავიცვათ და ავამუშაოთ".

გიორგი გახარია ამბობს, რომ "ყველას ძალიან კარგად გვესმის", რამდენად მძიმეა სამთო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები ტურისტული სექტორისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ბიზნესი აქვთ გუდაურში, ბაკურიანში, მესტიაში თუ გოდერძზე.

"მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქვეყანას, საბოლოო ჯამში, მდგრადი, თანმიმდევრული ეკონომიკური აღდგენის რესურსი დავუტოვოთ, შევუნარჩუნოთ და ასეთი მოკლევადიანი, სწრაფი, იმპულსური გადაწყვეტილებებით რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ის ეკონომიკური შესაძლებლობები, რომლებიც გაგვეხსნება სწრაფი აღდგენის პირობებში ზაფხულისთვის. ამას განაპირობებს, პირველ რიგში, ტესტირებების ახალი სქემა და აქტიური ტესტირება, ისევე, როგორც ვაქცინაციის შესაძლებლობები არამხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად.

ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ და ვიშრომოთ იმაზე, რომ ის შესაძლებლობები, რომელიც ჩვენ, უახლოეს პერიოდში, დარწმუნებული ვარ, გაგვეხსნება, პირველ რიგში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სწორი მართვით და ეპიდემიის გავრცელების ტემპების შემცირებით, ასევე ვაქცინაციის შესაძლებლობით, ყველამ ერთად, უკიდურესად სწრაფად და ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ. ნათია თურნავა, მაია ცქიტიშვილი, ეკატერინე ტიკარაძე და სხვა კოლეგები, ამ კვირაში, დაიწყებენ უკვე ტურისტულ სექტორთან შეხვედრებს, იმისთვის, რომ შევათანხმოთ, როგორც პროტოკოლები, როგორ უნდა იმუშაოს ამ სექტორმა, ასევე გახსნის ის ეტაპები და ის მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული ეპიდემიის გავრცელებასთან" - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები