ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები

რუსეთში ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე 3000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

Кирилл Кудрявцев / AFP

23 იანვარს რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები "თავისუფლება ნავალნის" გაიმართა. რუსეთში ბოლო წლებში ეს ყველაზე მასშტაბური აქციები იყო. პროტესტს ქვეყნის მასშტაბით ათობით ათასი ადამიანი შეუერთდა. ნავალნის შტაბი აქციის ჩატარებას 93 ქალაქში გეგმავდა. აქციები ასევე გაიმართა საზღვარგარეთ, ავსტრალიაში, გერმანიაში, ავსტრიაში, ჩეხეთში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში.

OVD-Info-ს ინფორმაციის თანახმად, აქციებზე 3000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მოსკოვში – 1100 მეტი დემონსტრანტი, ხოლო სანქტ-პეტერბურგში – 440-ზე მეტი. მოსკოვში დააკავეს ალექსეი ნავალნის ცოლიც, იულია ნავალნაია

სხვადასხვა შეფასებით, მოსკოვში აქციებზე 20 000-50 000 ადამიანი, ხოლო სანქტ-პეტერბურგში 20 000-35 000 ადამიანი შეიკრიბა. აქციები ასევე გაიმართა პატარა ქალაქებშიც.

პოლიციამ უკვე აღძრა ათობით საქმე დემონსტრანტების წინააღმდეგ. აქციის მონაწილეებს სამართალდამცველების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებას, მასობრივი არეულობისკენ მოწოდებებს, ხულიგნობასა და საკუთრების განზრახ დაზიანებაში სდებენ ბრალს.

ნავალნის მხარდამჭერები ერთი კვირის შემდეგ ახალი აქციების გამართვას გეგმავენ. ამის შესახებ ნავალნის რეგიონალური შტაბების კოორდინატორმა ლეონიდ ვოლკოვმა განაცხადა. ვოლკოვის თანახმად, ახლა მიტინგების ორგანიზება "ათასჯერ უფრო რთული იქნება, თუნდაც იმ მიზეზით, რომ ახლა თითქმის ყველა ჩვენი რეგიონალური კოორდინატორი შინაპატიმრობაშია".


რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 17 იანვარს რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს. 2014 წლის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადისა და პირობითი სასჯელის დარღვევისთვის სასამართლომ მას 30 დღით პატიმრობა მიუსაჯა. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახური ნავალნისთის პირობითი სასჯელის პატიმრობით ჩანაცვლებას ითხოვს. ამ საქმეზე სასამართლო პროცესი 2 თებერვლას დაიწყება.

12 იანვარს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს მიმართა, რათა "ივ როშეს" საქმესთან  დაკავშირებით ნავალნის პირობითი პატიმრობა თავისუფლების აღკვეთით შეეცვალოს. დეკემბრის ბოლოს სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის დაემუქრა, რომ, თუ ის 29 დეკემბრის 9:00 საათზე უწყების ფილიალში არ გამოცხადებოდა, პირობითი სასჯელის რეალური პატიმრობით შეცვლას მოითხოვდა.

ნერვულ აგენტ "ნოვიჩოკით" მოწამვლის შემდეგ ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა და, როგორცმისმა ადვოკატმა აღნიშნა, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მიერ დაწესებულ ვადებში რუსეთში ვერ დაბრუნდებოდა.

ალექსეი ნავალნი "ივ როშეს" საქმესთან დაკავშირებით გამოსაცდელი ვადა აქვს. 2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის განკარგულებით, მას 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა მიესაჯა. მოგვიანებით გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა. თუ სასამართლო სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მხარეს დაიჭერს, ნავალნის, შესაძლოა, 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.

გარდა ამისა, დეკემბრის ბოლოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით ახალი საქმე აღძრა. გამოძიების ვერსიით, ნავალნის ორგანიზაცია ანტიკორუფციულმა ფონდმა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა 356 მილიონი რუბლი, რომელიც შემოწირულობებით შეგროვდა. ამით საქმე აღძრულია ჯგუფის მიერ ჩადენილი ორგანიზებული თაღლითობისთვის, რომელიც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები