ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები

რუსეთის 40 ქალაქში ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე 369 ადამიანი დაიჭირეს [PHOTO/VIDEO]

მოსკოვი

რუსეთის  40-მდე ქალაქში აქციებზე სახელწოდებით "თავისუფლება ნავალნის" ODV-Info-ს პირველი საათის მონაცემებით 369 ადამიანი დაიჭირეს

აქცია უკვე მოსკოვშიც დაიწყო. პუშკინის მოედნის ირგვლივ პოლიციელებმა ბარიკადები აღმართეს. მოსკოვში აქციის დაწყებამდე, სულ მცირე, 100 ადამიანი დაიჭირეს. 

ხელახლა დაიჭირეს ოპოზიციონერი ლიუბოვ სობოლი.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სამართალდამცავები ბავშვს იჭერენ.

გავრცელდა არაერთი ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სამართალდამცავები მომიტინგეებს ძალის გამოყენებით იჭერენ.

"პუტინის ქურდია", "სირცხვილი!", "რუსეთი ჭუჭყის გარეშე" - გაიძახდნენ მომიტინგეები. 

ოპოზიციონერმა დმიტრი გუდკოვმა განაცხადა, რომ რეგიონებში საპროტესტო აქციების მასშტაბი უჩვეულოა. 

"ყველას ძალიან ყელში უნდა ჰქონდეს ამოსული ქურდობა და ტყუილები, თუ რეგიონებში ასე [მასშტაბურად] გამოვიდნენ ისე, რომ მოსკოვს არ დაელოდნენ. ასობით და ათასობითაც კი პატარა ქალაქებში," - წერს ის. 

downdetector.ru-ს ინფორმაციით, მობილური და ინტერნეტსერვისები მომხარებელს შეფერხებით მიეწოდება. 

ხელისუფლება ამბობს, რომ პროტესტი უკანონოა. კრემლს აქციების შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. 


შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 17 იანვარს რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს. 2014 წლის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადისა და პირობითი სასჯელის დარღვევისთვის სასამართლომ მას 30 დღით პატიმრობა მიუსაჯა. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახური ნავალნისთის პირობითი სასჯელის პატიმრობით ჩანაცვლებას ითხოვს. ამ საქმეზე სასამართლო პროცესი 2 თებერვლას დაიწყება.

12 იანვარს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს მიმართა, რათა "ივ როშეს" საქმესთან  დაკავშირებით ნავალნის პირობითი პატიმრობა თავისუფლების აღკვეთით შეეცვალოს. დეკემბრის ბოლოს სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის დაემუქრა, რომ, თუ ის 29 დეკემბრის 9:00 საათზე უწყების ფილიალში არ გამოცხადებოდა, პირობითი სასჯელის რეალური პატიმრობით შეცვლას მოითხოვდა.

ნერვულ აგენტ "ნოვიჩოკით" მოწამვლის შემდეგ ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა და, როგორცმისმა ადვოკატმა აღნიშნა, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მიერ დაწესებულ ვადებში რუსეთში ვერ დაბრუნდებოდა.

ალექსეი ნავალნი "ივ როშეს" საქმესთან დაკავშირებით გამოსაცდელი ვადა აქვს. 2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის განკარგულებით, მას 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა მიესაჯა. მოგვიანებით გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა. თუ სასამართლო სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მხარეს დაიჭერს, ნავალნის, შესაძლოა, 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.

გარდა ამისა, დეკემბრის ბოლოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით ახალი საქმე აღძრა. გამოძიების ვერსიით, ნავალნის ორგანიზაცია ანტიკორუფციულმა ფონდმა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა 356 მილიონი რუბლი, რომელიც შემოწირულობებით შეგროვდა. ამით საქმე აღძრულია ჯგუფის მიერ ჩადენილი ორგანიზებული თაღლითობისთვის, რომელიც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები