ალექსეი ნავალნი

ნავალნი: ყოველი შემთხვევისთვის, ვაანონსებ, თავის მოკვლის გეგმები არ მაქვს

ალექსეი ნავალნი
thetimes.co.uk

22 იანვარს რუსეთში, ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის, მხარდამჭერი აქციების გამართვამდე ერთი დღით ადრე, დაპატიმრებულმა ნავალნიმ განაცხადა, რომ ის ციხეში თავის მოკვლას არ აპირებს. 

"ყოველი შემთხვევისთვის, ვაანონსებ, რომ ფანჯრის გისოსებზე თავის ჩამოხრჩობის, გალესილი კოვზით ვენების გადაჭრის ან მისი ყელში გამოსმის გეგმები არ მაქვს" - წერს ნავალნი.

მან თქვა, რომ ფიზიკურად და გონებრივად ჯანმრთელდაა. 

"კიბეებზე ძალიან ფრთხილად დავდივარ. წნევას ყოველდღე მიზომავენ და კოსმონავტის [წნევა მაქვს], ამიტომ მოულოდნელი გულის შეტევა გამორიცხულია. მე დანამდვილებით ვიცი, რომ ციხის გარეთ ბევრი კარგი ხალხია და დახმარება მოვა" - აღნიშნა მან.

რუსეთის რამდენიმე ქალაქში რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციების გამართვა უკვე დაიწყო. აქციაზე მომიტინგეებს აკავებენ.


შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 17 იანვარს რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს. 2014 წლის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადისა და პირობითი სასჯელის დარღვევისთვის სასამართლომ მას 30 დღით პატიმრობა მიუსაჯა. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახური ნავალნისთის პირობითი სასჯელის პატიმრობით ჩანაცვლებას ითხოვს. ამ საქმეზე სასამართლო პროცესი 2 თებერვლას დაიწყება.

12 იანვარს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს მიმართა, რათა "ივ როშეს" საქმესთან  დაკავშირებით ნავალნის პირობითი პატიმრობა თავისუფლების აღკვეთით შეეცვალოს. დეკემბრის ბოლოს სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის დაემუქრა, რომ, თუ ის 29 დეკემბრის 9:00 საათზე უწყების ფილიალში არ გამოცხადებოდა, პირობითი სასჯელის რეალური პატიმრობით შეცვლას მოითხოვდა.

ნერვულ აგენტ "ნოვიჩოკით" მოწამვლის შემდეგ ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა და, როგორცმისმა ადვოკატმა აღნიშნა, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მიერ დაწესებულ ვადებში რუსეთში ვერ დაბრუნდებოდა.

ალექსეი ნავალნი "ივ როშეს" საქმესთან დაკავშირებით გამოსაცდელი ვადა აქვს. 2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის განკარგულებით, მას 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა მიესაჯა. მოგვიანებით გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა. თუ სასამართლო სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მხარეს დაიჭერს, ნავალნის, შესაძლოა, 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.

გარდა ამისა, დეკემბრის ბოლოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით ახალი საქმე აღძრა. გამოძიების ვერსიით, ნავალნის ორგანიზაცია ანტიკორუფციულმა ფონდმა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა 356 მილიონი რუბლი, რომელიც შემოწირულობებით შეგროვდა. ამით საქმე აღძრულია ჯგუფის მიერ ჩადენილი ორგანიზებული თაღლითობისთვის, რომელიც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები