კორონავირუსი და შეზღუდვები

სათხილამურო კურორტებზე არსებული შეზღუდვები ძალაში რჩება

ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილის ცნობით, საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვიტა, რომ სათხილამურო კურორტებზე არსებული შეზღუდვები ძალაში დატოვოს. ამის შესახებ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

"ასევე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა. ყველას, ბუნებრივია, კვლავ მოეთხოვება სავალდებულო პირბადის ტარება. ყველა სავაჭრო ობიექტს ასევე მოეთხოვება მომხმარებელთა ნაკადების რიგების მართვა, დისტანციის დაცვა და იმ მეთოდით მუშაობა, რაც უკვე დანერგილია და აპრობირებული იყო მუშაობის ბოლო პერიოდის გათვალისწინებით". – ამბობს მაია ცქიტიშვილი.

ძალაში რჩება ე.წ. კომენდანტის საათიც. საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ელ მარტამდე ქვეყანაში გადაადგილების შეზღუდვა კვლავ 21:00 საათიდან 05:00-მდე იმოქმედებს.

1-ელი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. თუმცა, ვიცეპრემიერის თქმით, იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები იხსნება, შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი კვლავ დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ.

თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლებისა და ტრანსპორტის აღდგენას მთავრობა 1-ელ მარტამდე არ აპირებს. ამ ქალაქებში პირველი თებერვლიდან მხოლოდ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები გაიხსნება.

აჭარაში 1-ელი თებერვლიდან კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნება.

ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან.

საბავშვო ბაღების აღდგენა დაგეგმილია პირველი მარტიდან.

ძალაში რჩება საქალაქთშორისო ტრანსპორტის შეზღუდვა, ასევე, სათხილამური კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები.

კომენტარები