COVID-19-ზე ვაქცინაცია

როგორ განაწილდება ვაქცინა – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტება

Reuters

დღეს, 21 იანვარს, საქართველოს მთავრობამ ახალი კორონავირუსის ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა. გეგმა მოსახლეობას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გააცნო.

თამარ გაბუნიას მიერ წარდგენილი პრეზენტაციის მიხედვით, ვაქცინაციის საწყის ეტაპზე, პრიორიტეტი ჯანდაცვის მუშაკების აცრაა. მისი განმარტებით, მთავრობის მიზანია, პირველივე ეტაპზე ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული 46 000 პირი აიცრას. როგორც გაბუნია ამბობს, ეს, მაღალი ალბათობით, ამ წლის პირველ კვარტალში მოხდება, როგორც კი მიიღებს ქვეყანა ვაქცინებს.

შემდგომ, გეგმის მიხედვით, კორონავირუსის ვაქცინა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარებსა და პერსონალს ერგებათ. ესენია: ხანდაზმულთა სახლები, პანსიონატები, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრები. ამ სამიზნე ჯგუფში სულ 2 600 პირია.

ამის შემდეგ აიცრებიან ასაკობრივი ჯგუფები, 75 წლის ზემოთ და 65-დან 74 წლამდე პირები. და ასევე ძირითადი სერვისების მიმწოდებლები. გაბუნიას თქმით, აქ საუბარია სტრატეგიული მნიშვნელობის სერვისებზე, მათ შორის, პოლიცია, ჯარი და სხვა, სადაც 180 000 ადამიანი ერთიანდება და სამიზნე მოიცვა, დაახლოებით, 108 000-ია.

ვაქცინაციის შემდგომ ეტაპზე შედარებით ნაკლები რისკჯგუფები აიცრებიან. ესენია: 55-დან 64 წლის პირები. ხოლო, რაც შეეხება უფრო ახალგაზრდებს, თამარ გაბუნიას განმარტებით, გამოყოფილია ქრონიკული დაავადებების ჩამონათვალი, რომელშიც ყველა ის ქრონიკული მდგომარეობაა გათვალისწინებული, რაც, შესაძლოა, რიკსფაქტორი გახდეს, თუ პაციენტს შეხვდება ახალი კორონავირუსი.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, პირველი პრიორიტეტი მაღალი რისკის ჯგუფების ჯამში გამოდის 830 000 ადამიანი, ხოლო, ამის შემდეგ მოდის მოსახლეობის სხვა ჯგუფები, "რათა მივაღწიოთ მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის მოცვას" და ესეც, დაახლოებით იგივე რაოდენობაა – 860 000 პირი. შესაბამისად, ჯამურად, 1 700 000-მდე ადამიანის ვაქცინაცია იგეგმება წლის ბოლომდე, "იმისთვის, რომ მივაღწიოთ შესაფერის იმუნურ დაფარვას ქვეყნის მასშტაბით".

კომენტარები