ალექსეი ნავალნი

პესკოვი: ნავალნის დაკავება არ არის ის შემთხვევა, რომელსაც პრეზიდენტის ყურადღება სჭირდება

დმიტრი პესკოვი
Reuters

"ეს არ არის ის შემთხვევა, რომელიც პრეზიდენტის განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს". – ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ჟურნალისტების შეკითხვას, დაუთმობს თუ არა ვლადიმირ პუტინი მეტ ყურადღებას ალექსეი ნავალნის საქმეს და იმას, რომ მისი უფლებები დაცული იყოს.

"რუსეთის ფედერაციის ყველა მოქალაქის უფლებები გარანტირებულია რუსეთის ფედერაციის კანონებით  და რუსეთის ფედერაციის სადამკვირვებლო უწყებებით. რა თქმა უნდა, ეს ასე იქნება ამ შემთხვევაშიც". – თქვა დმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმიდვანმა ასევე აღნიშნა, რომ ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით კრემლი არ აპირებს საერთაშორისო პოზიციების გათვალისწინებას.

"საქმე ეხება რუსეთის მოქალაქის მიერ რუსეთის კანონის დაუმორჩილებლობას. ეს შიდა საქმეა. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, მასში ჩაერიოს და არ ვაპირებთ, მოვუსმინოთ ასეთ განცხადებებს. ამასთანავე, ჩვენ კვლავ ვართ დაინტერესებულები კარგ ურთიერთობებში, რომლებზეც გავლენა არ აქვს ერთ რომელიმე კონკრეტულ მოქალაქეს" – თქვა დმიტრი პესკოვმა.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ნავალნიზე ლაპარაკით დასავლეთში ლიბერალიზმის კრიზისიდან ყურადღების გადატანა სურთ.

აშშ-სა და ევროკავშირის ლიდერები ნავალნის დაკავებას გმობენ და რუსეთის ხელისუფლებას მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისაკენ მოუწოდებენ.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 17 იანვარს რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს. 2014 წლის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადისა და პირობითი სასჯელის დარღვევისთვის სასამართლომ მას 30 დღით პატიმრობა მიუსაჯა. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახური ნავალნისთის პირობითი სასჯელის პატიმრობით ჩანაცვლებას ითხოვს. ამ საქმეზე სასამართლო პროცესი 2 თებერვლას დაიწყება.

გარდა ამისა, ხვალ, 20 იანვარს, ნავალნის წინააღმდეგ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის შეურაცხყოფაში ბრალდებით სასამართლო პროცესი გაიმართება.

12 იანვარს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს მიმართა, რათა "ივ როშეს" საქმესთან  დაკავშირებით ნავალნის პირობითი პატიმრობა თავისუფლების აღკვეთით შეეცვალოს. დეკემბრის ბოლოს სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის დაემუქრა, რომ, თუ ის 29 დეკემბრის 9:00 საათზე უწყების ფილიალში არ გამოცხადებოდა, პირობითი სასჯელის რეალური პატიმრობით შეცვლას მოითხოვდა.

ნერვულ აგენტ "ნოვიჩოკით" მოწამვლის შემდეგ ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა და, როგორც მისმა ადვოკატმა აღნიშნა, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მიერ დაწესებულ ვადებში რუსეთში ვერ დაბრუნდებოდა.

ალექსეი ნავალნი "ივ როშეს" საქმესთან დაკავშირებით გამოსაცდელი ვადა აქვს. 2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის განკარგულებით, მას 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა მიესაჯა. მოგვიანებით გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა. თუ სასამართლო სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მხარეს დაიჭერს, ნავალნის, შესაძლოა, 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.

გარდა ამისა, დეკემბრის ბოლოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით ახალი საქმე აღძრა. გამოძიების ვერსიით, ნავალნის ორგანიზაცია ანტიკორუფციულმა ფონდმა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა 356 მილიონი რუბლი, რომელიც შემოწირულობებით შეგროვდა. ამით საქმე აღძრულია ჯგუფის მიერ ჩადენილი ორგანიზებული თაღლითობისთვის, რომელიც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები