ალექსეი ნავალნი

ლავროვი: დასავლეთში ნავალნიზე საუბრით ლიბერალიზმის კრიზისიდან ყურადღების გადატანა სურთ

polygraph.info

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ალექსეი ნავალნის დაკავებაზე დასავლელი ლიდერების მიერ გაკეთებულ კომენტარებსა და მოწოდებებს გამოეხმაურა.

"ვხედავთ, როგორ ჩაებღაუჭნენ გუშინდელ ამბავს ნავალნის რუსეთში დაბრუნების შესახებ. იგრძნობა, როგორი სიხარულით მოდის კომენტარები, როგორც ზუსტი ასლები. სიხარულით, იმიტომ, რომ ეს დასავლელ პოლიტიკოსებს საშუალებას აძლევს, იფიქრონ, რომ ამგვარად შეძლებენ ყურადღების გადატანას იმ ღრმა კრიზისიდან, რომელშიც განვითარების ლიბერალური მოდელი აღმოჩნდა". – თქვა მან.

აშშ-სა და ევროკავშირის ლიდერები ნავალნის დაკავებას გმობენ და რუსეთის ხელისუფლებას მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისაკენ მოუწოდებენ.

ალექსეი ნავალნი რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა. ის აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლისას დააკავეს

"უკაცრავად, გერმანიაში დააკავეს? არ ვიცი" – რუსული მედიის ინფორმაციით, ასე გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი, ალექსეი ნავალნის შერმეტიევოს აეროპორტში დაპატიმრებას.

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ცნობით, ნავალნი გამოსაცდელი ვადის მრავალგზის დარღვევის გამო დააკავეს. შემდგომი აღმკვეთი ღონისძიება ნავალნის სასამართლომ უნდა განუსაზღვროს.

12 იანვარს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურმა სასამართლოს მიმართა, რათა "ივ როშეს" საქმესთან  დაკავშირებით ნავალნის პირობითი პატიმრობა თავისუფლების აღკვეთით შეეცვალოს. დეკემბრის ბოლოს სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის დაემუქრა, რომ, თუ ის 29 დეკემბრის 9:00 საათზე უწყების ფილიალში არ გამოცხადებოდა, პირობითი სასჯელის რეალური პატიმრობით შეცვლას მოითხოვდა.

ნერვულ აგენტ "ნოვიჩოკით" მოწამვლის შემდეგ ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა და, როგორც მისმა ადვოკატმა აღნიშნა, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მიერ დაწესებულ ვადებში რუსეთში ვერ დაბრუნდებოდა.

ალექსეი ნავალნი "ივ როშეს" საქმესთან დაკავშირებით გამოსაცდელი ვადა აქვს. 2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის განკარგულებით, მას 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა მიესაჯა. მოგვიანებით გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა. თუ სასამართლო სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მხარეს დაიჭერს, ნავალნის, შესაძლოა, 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.

გარდა ამისა, დეკემბრის ბოლოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით ახალი საქმე აღძრა. გამოძიების ვერსიით, ნავალნის ორგანიზაცია ანტიკორუფციულმა ფონდმა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა 356 მილიონი რუბლი, რომელიც შემოწირულობებით შეგროვდა. ამით საქმე აღძრულია ჯგუფის მიერ ჩადენილი ორგანიზებული თაღლითობისთვის, რომელიც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები