პოლიტპატიმრები

ელისაშვილი: ოპოზიციამ 8 მარტის შეთანხმება დაარღვია, იმიტომ შეწყდა რურუას გამოშვების პროცესი

ალეკო ელისაშვილი/ფორმულა

"სიტყვა გატეხა ოპოზიციამ. 8 მარტის შეთანხმება დაარღვია და იმიტომ შეწყდა პატიმრების გათავისუფლების პროცესი. ძაან მარტივია, დეტალებს მოყოლაც არ უნდა". –მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ აცხადებს, რომ გიორგი რურუას ციხეში დატოვება ოპოზიციის ბრალია. ამის შესახებ მან ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ისაუბრა. 

"შეთანხმდნენ რაღაცაზე და სიტყვა გატეხეს, რასაც დაჰპირდნენ ქართულ ოცნებას პატიმრებთან დაკავშირებით, იმის საწინააღმდეგო მოქცევა დაიწყეს. ვინც იყო მონაწილე, კარგად იცის". – ამბობს ელისაშვილი. 

ჟურნალისტმა მას შეთანხმების დაკონკრეტება სთხოვა, რაზეც ელისაშვილი კვლავ პასუხობს, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს. 

"შეთანხმდნენ რაღაცაზე, ამ შეთანხმების კვალდაკვალ გამოვიდნენ ციხიდან ოქრუაშვილი, უგულავა და უნდა გამოსულიყო რურუაც, მაგრამ იმის გამო, რომ სიტყვა გატეხეს, რურუას გამოშვება გაჭირდა... ხელისუფლებას არგუმენტი მიეცა, ოპოზიციის ვერცერთმა წარმომადგენელმა პასუხი ვერ გასცა". – აღნიშნავს ელისაშვილი. 

ელისაშვილმა ოპოზიცია 14 იანვარსაც დაადანაშაულა და თქვა, რომ "ის, რომ რურუა პატიმრობაში დატოვეს, დიდწილად, დიდწილად ოპოზიციის ბრალია".  მთავარი არხის თანადამფინანსებელმა, გიორგი რურუამ ელისაშვილს უპასუხა და აღნიშნა, რომ მის "უკანონო დაკავებაში და ასევე უკანონო პატიმრობაში პასუხისმგებლობა ეკისრება ერთადერთ ადამიანს - ბიძინა ივანიშვილს". 

გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, 2019 წლის 18 ნოემბერს, აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით მის საქმეს კიდევ ერთი მუხლი – სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა. რურუა ბრალს არ აღიარებს.   

გიორგი რურუას გათავისუფლება 8 მარტის საარჩევნო შეთანხმების ნაწილია. ოპოზიცია და საქართველოს დასავლელი პარტნიორები რურუას პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ. ასევე, პოლიტპატიმრების გათავისუფლება არის ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა 2020 წლის არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადების შემდეგ.

 

 

კომენტარები