სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში ივანიშვილის სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ პოლიტპატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, რომ არ იცის ვინ არის სინდისის პატიმარი, მისი აზრით, ეს ტერმინი არის "განზრახ შექმნილი ბარიერი, რომ ისინი არ შეიწყალონ."
"მე არ ვიცი ვინ არის სინდისის პატიმარი, ეს არის თქვენი შეფასება, ამიტომ, სანამ ერთი მხრიდან იქნება სინდისის პატიმარზე საუბარი და მეორე მხრიდან იქნება დამნაშავეზე, აქ შეთანხმება, საზოგადოებრივი თანხმობა და ერთობა ვერ შედგება. ჩვენს შორის კიარ ვლაპარაკობ და გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანზე კი არ არის საუბარი, მაგალითად პრეზიდენტზე, მე ხო არ შეიძლება ამას რეკომენდაცია მივცე მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წარმოუდგენელია.
თქვენ როდესაც საუბრობთ ამაზე და ამბობთ, რომ სასულიერო პირებმა და სინოდის წევრებმა თქვეს, რომ სინდისის პატიმრების შეწყალება იქნება კარგი, მათ სინდისის პატიმრები არ უხსენებიათ, პირიქით, მათ თქვეს და ჩემთვის ეს პოზიცია მისაღებია, ვინც ინანიებს და სინანულზე საუბრობდნენ ისინი, შეიძლება სიტყვა-სიტყვით ვერ გავიმეორო, უბრალოდ აზრი ეს იყო, ვინც გამოხატავს სინანულს მისი შეწყალება არის კარგი, მოკლედ აზრი ეს იყო, მე ამას ვეთანხმები.
სინანული გამომდინარეობს აღიარებისგან, უკვე საერო პირის განმარტება შეიძლება იყოს ჩემი მხრიდან, რომ თუკი ადამიანი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ინანიებს ამ ქმედებას, ამ შემთხვევაში სახელმწიფო ზოგადად, ჩემი საქმე არ არის მაინც ვიტყვი, სახელმწიფო ზოგადად ასეთი პირის მიმართ უფრო ლმობიერია, მათ შორის, საპროცესო შეთანხმებასთან, შეწყალებასთან მიმართებაში და ასე შემდეგ." - თქვა მდინარაძემ.
ივანიშვილის წარმომადგენელს ჟურნალისტმა ჰკითხა, ტერმინთან დაკავშირებით, რაზეც მდინარაძემ უპასუხა, რომ 5-6 წლის წინ სინდისის პატიმრად იწოდებოდა ისეთი ადამიანი, რომლის მიმართაც სახელმწიფომ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო, ახლა კი მისი თქმით, ეს სიტყვა "გაცვდა და არასერიოზულად გამოიყურება."
"მე ადვოკატობის დიდი გამოცდილება მაქვს მოგეხსენებათ, მე რომ ვყოფილიყავი მათი რომელიმეს ადვოკატი და პოლიტიკაში არ წავსულიყავი არ გამოვრიცხავ რომ ვყოფილიყავი რომელიმეს ადვოკატი დაუშვად, მე თვითონ ვიქნებოდი წინააღმდეგი, რომ სინდისის პატიმარი ვინმეს ეწოდებინა იმიტომ, რომ ეს იმდენად არასერიოზულია, რომ შემდეგ სხვა არგუმენტს სერიოზულად არავინ ისმენს, თუ შენ იტყვი ადამიანის მცემელზე, რომ მას კაცის მოკვლას აბრალებენ, მერე სერიოზულად არავინ მოგისმენს, ეს აბსოლუტურად სხვა მაგალითია, სხვა რაკურსით განხილული, მაგრამ სინდისის პატიმარს როგორც კი დავუძახებთ მათ, იმდენად არასერიოზული ჩანს ეს ყველაფერი, რომ სხვა არგუმენტები აღარ ისმინება." - განაცხადა მან.
ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა მომხრე პოლიტპატიმრების შეწყალების, მდინარაძემ უპასუხა, რომ როგორც ერთი მოქალაქე, მიესალმება ნებისმიერ ჰუმანურ გადაწყვეტილებას, თუ იქნება "მონანიება, აღიარება."
შეგახსენებთ, რომ 12 მაისს დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პოლიტპატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე თქვა, რომ საპატრიარქო ქართულ ოცნებასთან ამაზე კიდევ ისაუბრებს.
ხოლო, 18 მაისს, მეუფე ანტონმა განაცხადა, რომ პირველი სინოდი, როგორც კი შედგება დააყენებენ " შეწყალებების, პატიმრობების" საკითხს.





