პოლიტპატიმრები

მელაშვილი, ილიჩოვა, ხუსკივაძე და კობალაძე აშშ-ს რურუა-მელიას საქმეებზე წერილით მიმართავენ

თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის წევრები და ე.წ დავითგარეჯის საქმეზე ბრალდებულები ივერი მელაშვილი და  ნატალია ილიჩოვა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ნიკა მელიასა და გიორგი რურუას მხარდასაჭერად წერილით მიმართავენ.

წერილის ავტორების მიხედვით, მათ მსგავსად, მთავარი არხის მეწილე გიორგი რურუაც და ენმ-ს ლიდერი ნიკა მელიაც არიან პოლიტიკური დევნილები, რაც საქართველოს ვნებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, აშშ-ს პრეზიდენტმა რაიმე გზით ზეწოლა მოახდინოს საქართველოს მთავრობაზე, რათა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.

წერილში ვკითხულობთ, რომ ნიკა მელიას გათავისუფლება აუცილებელია  ევროკავშირის მედიაციით წარმართული მოლაპარაკებები ჯანსაღ გარემოში მიმდინარეობისთვის.

"ნიკა მელია, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, რომელმაც გაიმარჯვა არჩევნების პირველ ტურში, მიუხედავად ხელისუფლების დიდი ზეწოლისა, ქრთამისა და დარღვევებისა. ნიკა მელიას ბრალად გავრილოვის საქმეში გირაოს პირობის დარღვევა წარუდგინეს და თავისუფლება შეუზღუდეს, უფრო ზუსტად, 30 000 ლარის გირაო დაუმატეს უკვე არსებულ გირაოზე, რაც უპრეცედენტოა საქართველოს სამართლის ისტორიაში. 

ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ, ოთხი ყოფილი პოლიტპატიმრები და დღევანდელი პოლიტიკური მძევლები, მოგმართავთ თხოვნით, რომ დაეხმაროთ საქართველოში პოლიტპატიმრებს, განსაკუთრებით ბატონ მელიას, რომელიც არის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი. ჩვენ ველით თქვენს მხარდაჭერას ამ საქმეში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა გვქონდეს გარანტია იმისა, რომ ევროკავშირის მედიაციით წარმართული პროცესი მიმდინარეობს ჯანსაღ გარემოში, რათა საქართველო და საქართველოს ევრო-ატლანტიკური არჩევანი დარჩეს გამარჯვებულად ამ პროცესში". – ვკითხულობთ წერილში

ამასთან ერთად, წერილში საუბარია გიორგი რურუას არასამართლებრივ დაპატიმრებაზე, რასაც ხელისუფლება იყენებს საკუთარი ინტერესებისთვის და გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციისთვის.

"ჩვენ გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ჩვენს უსამართლო დაჭერამდე, საქართველოში კიდევ ერთი პოლიტპატიმარი იყო - ბიზნესმენი, საქართველო-რუსეთის ომის ვეტერანი და სამოქალაქო აქტივისტი გიორგი რურუა, რომელიც ქვეყანაში არსებული უსამართლობის წინააღმდეგ იბრძოდა. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ორგანიზატორი და პროტესტების სპონსორი, ამასთან ერთად, ის არის დამფუძნებელი ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ტელევიზიის, მთავარი.

მას არ ჩაუდენია დანაშაული. ბრალდებები არის პოლიტიკურად მოტივირებული და ემსახურება მხოლოდ ხელისუფლების პროპაგანდას. მას არ მისცეს უფლება სამართლიანი სასამართლოსი. სასამართლო მხარეებს თანასწორად არ განიხილავდა. არ არის ნაპოვნი თითის ანაბეჭდი ან ხელის ანაბეჭდი იმ იარაღზე, რომელიც ამოიღეს.  DNA ანალიზი ჩატარდა არა იარაღზე, არამედ ბამბის ჩხირზე, რომელიც, როგორც გამოძიება ამბობს გამოიყენებოდა იარაღისთვის. არც ტანსაცმლის გამოკვლევამ აჩვენა რაიმე სახის მეტალი. ეროვნულ დონეზე სასამართლოები განზრახ იწელება დროში. სააპელაციო სასამართლოში ქეისი არის განუსაზღვრელად გადაწეული, რათა არ მივიდეს დროულად სტრასბურგში. ამ საკითხს ხელისუფლება იყენებს გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციისა და ოპოზიციური პარტიების მოტყუებაში, რომლებიც ახლა პოლიტიკურ ბოიკოტში არიან. ეს ეწინააღდეგება ისევე, როგორც დასავლურ დემოკრატიის ღირებულებებს, ასევე პოლიტიკურ ნებას და ჩვენსა და გიორგი რურუას რწმენას.

ჩვენ ყოფილი პოლიტპატიმრები, და დღევანდელი პოლიტიკური მძევლები, მოგმართავთ თხოვნით, რათა შეითავსოთ პოლიტიკური მედიატორის როლი ამ კრიზისში და საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდოს გააკეთოს ერთადერთი სწორი არჩევანი, რათა გაათავისუფლოს გიორგი რურუა პატიმრობიდან". – ვკითხულობთ წერილში

ამასთან ერთად წერილის ავტორების თქმით, ისინი რჩებიან პოლიტიკურ მძევლებად, მათი გათავისუფლებისთვის დიდი ბრძოლის მიუხედავად, მათი საქმეები ჯერ არ დახურულა. 

"გაერთიანებული ოპოზიცია, სამართლისთვის მებრძოლი ახალგაზრდა პოლიტიკოსების ხელმძღვანელობით, ელენე ხოშტარია და ხატია დეკანოიძე, მათთან ერთად სხვა ოპოზიციური პარტიების და ელჩების დახმარებით, სარჩელი შეიტანეს და 4-პუნქტიანი პეტიცია წარადგინეს, პირველ პუნქტში 5 პოლიტმატიმარის უპირობოდ გათავისუფლების მოთხოვნით - ივერი მელაშვილი, ნატალია ილიჩოვა, აკაკი ხუსკივაძე, აკაკი კობალაძე და გიორგი რურუა. თუმცა ამ ხუთი პატიმრიდან, ხელისუფლებამ დროებით გამოუშვა მხოლოდ ჩვენ. პოლიტიკურად მიკერძოებულ სამართლის პირობებში ჩვენ ვრჩებით პოლიტიკურ მძევლებად, ვინაიდან ჩვენ წინააღმდეგ პროცესები არ შეჩერებულა". –ნათქვამია ანგარიშში


სასამართლომ 28 იანვარს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის წევრები ივერი მელაშვილი და  ნატალია ილიჩოვა  20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, მათ გირაო 30 დღის ვადაში უნდა გადაეხადათ. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.   

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.


ისნის N5 საოლქო-საარჩევნო თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე გირაოს სანაცვლოდ 10 დეკემბერს გაათავისუფლეს.

პროკურატურამ თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე მტკიცებულებების ნაწილი გაასაჯაროვა. უწყება ამტკიცებს, რომ 6 ნოემბერს კობალაძე და ხუსკივაძე შეხვდნენ თედო გობეჯიშვილს და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით, ქრთამის სახით 50 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, მედიის თანდასწრებით განცხადების გაკეთება შესთავაზეს, რომ არჩევნები გაყალბდა.

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე, თედო გობეჯიშვილი 7 ნოემბერს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ქართული ოცნების წევრმა, გიორგი ხელაშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები საოლქო კომისიის თავმჯდომარეებს და მათ შორის გობეჯიშვილს, რეპრესიებით ემუქრებოდნენ. ხელაშვილმა სამართალდამცველებს მოუწოდა, აღეძრათ საქმე ამ მიმართულებით.

კომენტარები