გიორგი რურუა

რურუა ელისაშვილს: ჩემს პატიმრობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილს ეკისრება, მადლობა ოპოზიციას

"ჩემო მეგობარო ალეკო, ჩემს უკანონო დაკავებაში და ასევე უკანონო პატიმრობაში პასუხისმგებლობა ეკისრება ერთადერთ ადამიანს - ბიძინა ივანიშვილს". - ასე პასუხობს მთავარი არხის თანადამფინანსებელი, გიორგი რურუა, ალეკო ელისაშვილს, რომელმაც თქვა, რომ 8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დადებული შეთანხმების მიუხედავად, ის, რომ რურუა საპატიმროში რჩება, "დიდწილად არის ოპოზიციის ბრალი." 

"მადლობა მინდა გადავუხადო არასამთავრო ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ მედიას და პრინციპულ ოპოზიციას, რომლებიც მეხმარებიან ჩემი უდანაშაულობის დადგენაში. დაბოლოს, მინდა განვაცხადო, რომ სრულად მხარს ვუჭერ დასავლური ოპოზიციური პარტიების პოზიციას. ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტპატიმარი გიორგი რურუა. 15 იანვარი. 2021 წელი." - წერს რურუა.

გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, 2019 წლის 18 ნოემბერს, აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით მის საქმეს კიდევ ერთი მუხლი – სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა. რურუა ბრალს არ აღიარებს.   

გიორგი რურუას გათავისუფლება 8 მარტის საარჩევნო შეთანხმების ნაწილია. ოპოზიცია და საქართველოს დასავლელი პარტნიორები რურუას პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ. ასევე, პოლიტპატიმრების გათავისუფლება არის ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა 2020 წლის არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადების შემდეგ.

კომენტარები