პოლიტპატიმრები

"დიდწილად, ოპოზიციის ბრალია" – ელისაშვილი გიორგი რურუას პატიმრობაში დარჩენაზე

droa.ge

მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ 8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დადებული შეთანხმების მიუხედავად, ის, რომ მთავარი არხის თანადამფინანსებელი, გიორგი რურუა საპატიმროში რჩება, "დიდწილად არის ოპოზიციის ბრალი." 

"8 მარტის შეთანხმება არ შესრულდა? ერთადერთი, გიორგი რურუა დატოვეს და იქაც არ მინდა რაღაცებზე ლაპარაკი, მაგრამ ოპოზიციასაც ჰქონდა რაღაცები მიქარული, სიმართლე გითხრათ. თავის თავში ჩაიხედონ. ვერ ვილაპარაკებ, ეს ძალიან დელიკატური საკითხია, მაგრამ დახურულ შეხვედრაზე ქართულმა ოცნებამ რაღაცები რომ უთხრა და რაღაცები გაახსენა ოპოზიციას, სიმართლე გითხრათ, ყველამ თავი დახარა.  

[ის, რომ გიორგი რურუა გარეთ არ არის] დიდწილად, დიდწილად არის ოპოზიციის ბრალი". - ამბობს ელისაშვილი ფორმულასთვის მიცემულ ინტერვიუში.

გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, 2019 წლის 18 ნოემბერს, აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით მის საქმეს კიდევ ერთი მუხლი – სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა. რურუა ბრალს არ აღიარებს.   

გიორგი რურუას გათავისუფლება 8 მარტის საარჩევნო შეთანხმების ნაწილია. ოპოზიცია და საქართველოს დასავლელი პარტნიორები რურუას პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ. ასევე, პოლიტპატიმრების გათავისუფლება არის ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა 2020 წლის არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადების შემდეგ. 

კომენტარები