ალექსეი ნავალნი

ჰეიკო მაასი: ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ

Ahvan

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკავებას გამოეხმაურა და ამას გაუგებარი ქმედება უწოდა.

"გამოჯანმრთელების შემდეგ ალექსეი ნავალნიმ შეგნებულად და საკუთარი თავისუფალი ნების საფუძველზე არჩია რუსეთში დაბრუნება, რადგან მიაჩნია, რომ მისი პირადი და პოლიტიკური სახლია. ის, რომ ჩასვლისთანავე დააკავეს, სრულიად გაუგებარია". – თქვა მან.

მაასი რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ნავალნი:

"რუსეთს საკუთარი კონსტიტუცია და კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ვალდებულებები აქვს. ეს პრინციპები, რა თქმა უნდა, უნდა გავრცელდეს ნავალნიზე. ის დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ".

ალექსეი ნავალნი რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა. ის აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლისას დააკავეს

"უკაცრავად, გერმანიაში დააკავეს? არ ვიცი" – რუსული მედიის ინფორმაციით, ასე გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი, ალექსეი ნავალნის შერმეტიევოს აეროპორტში დაპატიმრებას.

ნავალნის დაკავებას გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც.

"მოსკოვში ჩასვლისთანავე ნავალნის დაკავება მიუღებელია. მოვუწოდებ რუსეთის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ის".

მის დაკავებას გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი და მისი გათავისუფლება მოითხოვა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, ისინი ყურადღებით ადევნებენ თვალს სიტუაციას და რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ, ნავალნი დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიულიუს ლანდსბერგისი კი ევროკავშირს მოუწოდებს, მოსკოვს სანქციები დაუწესონ.

"ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის დაკავება სრულიად მიუღებელია. ევროკავშირმა უნდა განიხილოს ამაში მონაწილეთათვის დამატებითი სანქციების დაწესება". – თქვა მან.

სანქციების საკითხის განხილვას ითხოვენ ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ერთობლივ განცხადებაში.

პოლონეთის პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ევროკავშირს მოუწოდა, სწრაფად გასცეს პასუხი ნავალნის დაკავებაზე:

"ნავალნის დაკავება კიდევ ერთი მცდელობაა, დააშინონ რუსეთში არსებული დემოკრატიული ოპოზიცია. აუცილებელია ევროკავშირის მხრიდან სწრაფი და ცალსახა პასუხი. მოქალაქეთა უფლებების დაცვა დემოკრატიის ქვაკუთხედია. მოვუწოდებ რუსეთის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ დაკავებული". – წერს ის.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ კი დაწერა, რომ ნავალნის დაკავება სერიოზული საკითხია, მის გათავისუფლებას ითხოვენ და ელიან, რომ მის უფლებებს დაიცავენ.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ნავალნის დაკავებაზე განცხადება გაავრცელა და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

 "თავდაჯერებულ პოლიტიკურ ლიდერებს არ ეშინიათ კონკურენტი ხმების. ისინი არ ძალადობენ და უკანონოდ აკავებენ პოლიტიკურ ოპონენტებს". – ნათქვამია განცხადებაში.

ნავალნის დაკავებას გამოეხმაურა აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ უშიშროების მრჩევლის პოსტზე დასახელებული ჯეიკ სალივანიც.

"ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ და მის სიცოცხლეზე აღმაშფოთებელი თავდასხმის ჩამდენები დაისაჯონ. კრემლის თავდასხმა ნავალნიზე არამხოლოდ ადამიანის უფლებების დარღვევაა, ესაა რუსი ხალხის შეურაცხყოფა, რომელთაც სურთ, რომ მათი ხმა ისმოდეს". – დაწერა მან Twitter-ზე.

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ცნობით, ნავალნი გამოსაცდელი ვადის მრავალგზის დარღვევის გამო დააკავეს. შემდგომი აღმკვეთი ღონისძიება ნავალნის სასამართლომ უნდა განუსაზღვროს.

12 იანვარს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურმა სასამართლოს მიმართა, რათა "ივ როშეს" საქმესთან  დაკავშირებით ნავალნის პირობითი პატიმრობა თავისუფლების აღკვეთით შეეცვალოს. დეკემბრის ბოლოს სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის დაემუქრა, რომ, თუ ის 29 დეკემბრის 9:00 საათზე უწყების ფილიალში არ გამოცხადებოდა, პირობითი სასჯელის რეალური პატიმრობით შეცვლას მოითხოვდა.

ნერვულ აგენტ "ნოვიჩოკით" მოწამვლის შემდეგ ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა და, როგორც მისმა ადვოკატმა აღნიშნა, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მიერ დაწესებულ ვადებში რუსეთში ვერ დაბრუნდებოდა.

ალექსეი ნავალნი "ივ როშეს" საქმესთან დაკავშირებით გამოსაცდელი ვადა აქვს. 2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის განკარგულებით, მას 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა მიესაჯა. მოგვიანებით გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა. თუ სასამართლო სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მხარეს დაიჭერს, ნავალნის, შესაძლოა, 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.

გარდა ამისა, დეკემბრის ბოლოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით ახალი საქმე აღძრა. გამოძიების ვერსიით, ნავალნის ორგანიზაცია ანტიკორუფციულმა ფონდმა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა 356 მილიონი რუბლი, რომელიც შემოწირულობებით შეგროვდა. ამით საქმე აღძრულია ჯგუფის მიერ ჩადენილი ორგანიზებული თაღლითობისთვის, რომელიც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები