ალექსეი ნავალნი

ვნუკოვოს აეროპორტიდან პოლიციამ ნავალნის მხარდამჭერები ძალით გაიყვანა

მოსკოვში, ვნუკოვოს აეროპორტი, რომელშიც ერთ საათში ალექსეი და იულია ნავალნები უნდა დაბრუნდნენ ომონმა დაიკავა და ნავალნის მხარდამჭერები შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. ალექსეი ნავალნი ცოლთან ერთად ბერლინიდან ავიაკომპანია პობედას თვითმფრინავით ბრუნდება, მას აეროპორტში  მხარდამჭერთა ჯგუფი ელოდება. 

აეროპორტის შენობაში შესვლამდე, პოლიციამ აეროპორტის კაფეში დააპატიმრა ნავალნის თანამოაზრე ლიუბოვ სობოლი და, ასევე, ალექსეი ნავალნის ძმა, ოლეგ ნავალნი. დაკავებულია ნავალნის მიერ დაფუძნებული კორუფციასთან ბრძოლის რამდენიმე თანამშრომელი და აქტივისტიც. 

პოლიციის ქვედანაყოფებია მობილიზებული აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე და მოსაცდელ დარბაზში.

რუსეთში დაბრუნების შესახებ ალექსეი ნავალნიმ 13 იანვარს გამოაცხადა. პოლიტიკოსის გუნდმა მხარდამჭერებს მოუწოდა, მას აეროპორტში დახვედროდნენ. ნავალნის აეროპორტში დახვედრას რამდენიმე ათასი ადამიანი აპირებდა, მათ შორის მისი მოწინააღმდეგეებიც. რუსმა პროკურორებმა ნავალნის მხარდამჭერები გაააფრთხილეს, რომ მას აეროპორტში არ დახვედროდნენ.

ვნუკოვის აეროპორტმა ჟურნალისტების ნავალნის ჩამოსვლის გაშუქება აუკრძალა. აეროპორტში მობილიზებულია პოლიცია და შენობაში შესვლა მხოლოდ ბილეთიან მგზავრებს შეუძლიათ.

სამშობლოში დაბრუნებული ნავალნი, შესაძლოა, დააპატიმრონ. 12 იანვარს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს მიმართა, რათა "ივ როშეს" საქმესთან  დაკავშირებით ნავალნის პირობითი პატიმრობა თავისუფლების აღკვეთით შეეცვალოს. დეკემბრის ბოლოს სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის დაემუქრა, რომ, თუ ის 29 დეკემბრის 9:00 საათზე უწყების ფილიალში არ გამოცხადება, პირობითი სასჯელის რეალური პატიმრობით შეცვლას მოითხოვს.

ნერვულ აგენტ "ნოვიჩოკით" მოწამვლის შემდეგ ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა და, როგორც მისმა ადვოკატმა აღნიშნა, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მიერ დაწესებულ ვადებში რუსეთში ვერ დაბრუნდებოდა.

ამჟამად ალექსეი ნავალნი "ივ როშეს" საქმესთან დაკავშირებით გამოსაცდელი ვადა აქვს. 2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა, ოლეგი, დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის განკარგულებით, მას 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა მიესაჯა. მოგვიანებით გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა. თუ სასამართლო სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მხარეს დაიჭერს, ნავალნის, შესაძლოა, 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.

გარდა ამისა დეკემბრის ბოლოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით ახალი საქმე აღძრა. გამოძიების ვერსიით, ნავალნის ორგანიზაციამ, ანტიკორუფციულმა ფონდმა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა 356 მილიონი რუბლი, რომლებიც შემოწირულობებით შეგროვდა. ამით საქმე აღძრულია ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისთვის, რომელიც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თავად პოლიტიკოსმა საქმე დაუკავშირა თავისი მოწამვლის გამოძიებას. ალექსეი ნავალნი "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნერვული აგენტით აგვისტოში მოწამლეს. მოწამვლის ჟურნალისტურ გამოძიებაში თავად ოპოზიციონერი მონაწილეობდა.

კომენტარები