ალექსეი ნავალნი

ალექსეი ნავალნი რუსეთში ბრუნდება

ალექსეი ნავალნი
ABC News

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი რუსეთში ბრუნდება. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. ნავალნის თქმით, ის რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდება.

"საკითხი - "დავბრუნდე თუ არა" ჩემს წინ არასოდეს მდგარა. იმიტომ, რომ მე არ წავსულვარ, მე აღმოვჩნდი გერმანიაში და აქ ჩამოვედი სარეანიმაციო ყუთში. 17 იანვარს, კვირას, მე დავბრუნდები სახლში Победа-ს რეისით. დამხვდით". – წერს ნავალნი Twitter-ზე.

ნავალნი ამბობს, რომ მას არ აინტერესებს "პუტინის მსახურების" ქმედებები, რომლებიც მის წინააღმდეგ "ახალი სისხლის სამართლის საქმეებს აყალბებენ".

სამშობლოში დაბრუნებულ ნავალნის შესაძლო პატიმრობა ემუქრება. გუშინ რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურმა სასამართლოს მიმართა, რათა "ივ როშეს" საქმესთან დაკავშირებით ნავალნის პირობითი პატიმრობა თავისუფლების აღკვეთით შეეცვალოს. დეკემბრის ბოლოს სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის დაემუქრა, რომ თუ ის 29 დეკემბრის 9:00 საათზე უწყების ფილიალში არ გამოცხადებოდა, პირობითი სასჯელის რეალური პატიმრობით შეცვლას მოითხოვდა.

ნოვიჩოკის ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა და როგორც მისმა ადვოკატმა აღნიშნა, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მიერ დაწესებულ ვადებში რუსეთში ვერ დაბრუნდებოდა.

ამჟამად ალექსეი ნავალნი "ივ როშეს" საქმესთან დაკავშირებით გამოსაცდელ ვადაზეა. 2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა, ოლეგი, დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე" გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის განკარგულებით, მას 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა მიესაჯა. მოგვიანებით გამოსაცდელი ვადა 1 წლით გახანგრძლივდა და შესაბამისად 2020 წლის 30 დეკემბერს იწურებოდა. თუ სასამართლო სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მხარეს დაიჭერს, ნავალნის, შესაძლოა, 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.

გარდა ამისა დეკემბრის ბოლოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით ახალი საქმე აღძრა. გამოძიების ვერსიით, ნავალნის ორგანიზაციამ, ანტიკორუფციულმა ფონდმა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა 356 მილიონი რუბლი, რომლებიც შემოწირულობებით შეგროვდა. ამით საქმე აღძრულია ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისთვის, რომელიც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თავად პოლიტიკოსმა საქმე დაუკავშირა თავისი მოწამვლის გამოძიებას. ალექსეი ნავალნი ნოვიჩოკის ჯგუფის ნერვული აგენტით აგვისტოში მოწამლეს. მოწამვლის ჟურნალისტურ გამოძიებაში თავად ოპოზიციონერი მონაწილეობდა.

კომენტარები