ალექსეი ნავალნი

რუსი პროკურორები ნავალნის მხარდამჭერებს აფრთხილებენ, რომ მას აეროპორტში არ დახვდნენ

ალექსეი ნავალნი ხვდება საკუთარ მხარდამჭერებს გათავისუფლების შემდეგ (არქივი)

მოსკოვის პროკურორები მოსახლეობას დაჟინებით მოუწოდებენ, რომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გერმანიიდან რუსეთში დაბრუნების დღეს ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილ "არასანქცირებულ მასობრივ ღონისძიებაში" მონაწილეობა არ მიიღონ.

ნავალნის თქმით, ის რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდება.

"ეს ღონისძიება კანონის შესაბამისად არ შეთანხმებულა მოსკოვის მაღალჩინოსნებთან... არასანქცირებულ საჯარო ღონისძიებაში ორივეს - ორგანიზატორებსა და მონაწილეებს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციის კანონის შესაბამისად." - ვკითხულობთ განცხადებაში

მათივე განცხადებით, ის ადამიანები, რომლებიც ღონისძიებაში მონაწილეობისკენ სხვებს მოუწოდებენ, გააფრთხილეს, რომ კანონს არღვევენ. როგორც Meduza წერს, თუ ვის წინააღმდეგ გამოსცეს ეს გაფრთხილებები, ცნობილი არ არის.

Facebook-ზე ნავალნის გუნდმა მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ ნავალნის აეროპორტში დახვდნენ. მას შეიძლება Facebook-ის, სულ მცირე, 2000 მომხმარებელი დახვდეს

15 იანვარს მოსკოვის აეროპორტის სპიკერმა თქვა, რომ აეროპორტი ჟურნალისტებს ნებართვას არ მისცემს, ნავალნის ჩამოსვლა გააშუქონ.

როგორც ალექსეი ნავალნიმ 13 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, მას არ აინტერესებს "პუტინის მსახურების" ქმედებები, რომლებიც მის წინააღმდეგ "ახალ სისხლის სამართლის საქმეებს აყალბებენ".

სამშობლოში დაბრუნებულ ნავალნის დაპატიმრება ემუქრება. 12 იანვარს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს მიმართა, იმისათვის, რომ  "ივ როშეს" საქმესთან დაკავშირებით ნავალნის პირობითი პატიმრობა თავისუფლების აღკვეთით შეეცვალოს. დეკემბრის ბოლოს სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის დაემუქრა, რომ თუ ის 29 დეკემბრის 9:00 საათზე უწყების ფილიალში არ გამოცხადება, პირობითი სასჯელის რეალური პატიმრობით შეცვლას მოითხოვს.

ნერვულ აგენტ “ნოვიჩოკით“ მოწამვლის შემდეგ ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა და, როგორც მისმა ადვოკატმა აღნიშნა, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მიერ დაწესებულ ვადაში ის რუსეთში ვერ დაბრუნდებოდა.

ამჟამად ალექსეი ნავალნი "ივ როშეს" საქმესთან დაკავშირებით აქვს მიცემული გამოსაცდელი ვადა. 2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა, ოლეგი, დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის განკარგულებით, მას 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა მიესაჯა. მოგვიანებით გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად. ის 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა. თუ სასამართლო სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მხარეს დაიჭერს, ნავალნის, შესაძლოა, 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.

გარდა ამისა, დეკემბრის ბოლოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით აღძრა ახალი საქმე. გამოძიების ვერსიით, ნავალნის ორგანიზაციამანტიკორუფციულმა ფონდმა, პირადი მიზნებისთვის გამოიყენა 356 მილიონი რუბლი, რომლებიც შემოწირულობებით შეგროვდა. ამით საქმე აღძრულია ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისთვის, რომელიც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თავად პოლიტიკოსმა საქმე დაუკავშირა თავისი მოწამვლის გამოძიებას. ალექსეი ნავალნი "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნერვული აგენტით აგვისტოში მოწამლეს. მოწამვლის ჟურნალისტურ გამოძიებაში თავად ოპოზიციონერი მონაწილეობდა.

კომენტარები