ავღანეთი

ავღანეთში უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე მოკლეს

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შეიარაღებულმა პირებმა უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე მოკლეს. თავდასხმის შედეგად დაიჭრა მათი მძღოლი. დაღუპული მოსამართლეების სახელები ჯერ არ გასაჯაროებულა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია არც ერთ დაჯგუფებას.

ქაბულის პოლიციის ცნობით, მიმდინარეობს შემთხვევის გამოძიება. თავდასხმასთან კავშირს უარყოფს თალიბანიც. 

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ დაგმო თავდასხმა. ღანის თქმით "ტერორი, შიში და დანაშაული" არ არის ავღანეთის პრობლემების გადაწყვეტის გზა და თალიბანს მშვიდობისკენ მოუწოდა.

ბოლო თვეების განმავლობაში ავღანეთში თავდასხმის სამიზნეები გახდნენ მთავრობის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და აქტივისტები. თალიბანი თავდასხმებში მონაწილეობას უარყოფს, თუმცა, დაჯგუფების ცნობით, მისი მებრძოლები გააგრძელებენ სამთავრობო ფიგურების "მოშორებას", თუმცა არ ესხმიან თავს ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს.

კომენტარები