ანტისემიტიზმი

თალაკვაძე ანტისემიტიზმზე: რადგან ტაბულა ხართ, კარგად გესმით, ეს სეკულარული სახელმწიფოა

არჩილ თალაკვაძე და ილია II
არჩილ თალაკვაძე I Archil Talakvadze / Facebook

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს ტაბულამ საეკლესიო ამბიონიდან წარმოთქმული კიდევ ერთი ანტისემიტური ქადაგების შეფასება სთხოვა, რაზეც თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ეკლესიამ განცხადება ამაზე უკვე გააკეთა და ის კომენტარის დამატებას არ აპირებს. 

"რადგან ტაბულა ხართ, ძალიან კარგად გესმით ეს ამბავი, უნდა დავიწყოთ იმით, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სეკულარულ სახელმწიფოში და, რა თქმა უნდა, განმარტებები სასულიერო პირების განცხადებებთან დაკავშირებით გააკეთა თვითონ ეკლესიამ და ჩვენ უკვე ვნახეთ. მე, რა თქმა უნდა, დამატებით ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ". – ამბობს თალაკვაძე. 

მისივე თქმით, ანტისემიტისმის ადგილი ქვეყანაში არასდროს ყოფილა და არც იქნება. 

"რაც შეეხება ანტისემიტიზმს, მისი ადგილი ჩვენს საზოგადოებაში, ჩვენს ქვეყანაში არასდროს ყოფილა, არც დღეს არის და არც მომავალში იქნება. ჩვენ ყოველთვის გვქონდა ჰუმანიზმზე, ძმობაზე, მეგობრობაზე და სოლიდარობაზე დაფუძნებული ურთიერთობები და, რა თქმა უნდა, დღესაც ჩვენს ქვეყანაში ეს ურთიერთობები გრძელდება იმ საუკეთესო სახით, როგორც ეს იყო ყოველთვის, ტრადიციულად. ანტისემიტიზმს ჩვენი გუნდის ვერცერთი წევრი ვერასდროს გაიზიარებს და კიდევ ერთხელ გეუბნებით, საქართველოში ანტისემიტიზმის ადგილი არ არის. ეკლესიამ გააკეთა განმარტებები ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ თქვენთვის ეს იყო არასაკმარისი, შეგიძლიათ, ისევ მიმართოთ და დამატებითი კომენტარი მოითხოვოთ. მინისტრმა ზალკალიანმა გააკეთა ამაზე განცხადება, ეს არის ჩვენი სახელისუფლებო გუნდის მკაფიო პოზიცია, რომელსაც მეც ვიზიარებ". – ამბობს თალაკვაძე. 

პარლამენტის თავმჯდომარემ არ უპასუხა ტაბულას კითხვას, ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას გამოწვევასთან დაკავშირებით, რასაც ევროპული საქართველო ითხოვს. 

მეუფე იოანემ ებრაელთა თემი "ქრისტიანთა მდევნელად" წარმოადგინა, რომელთაც "დღესაც აქვთ გავლენა სამეფო კარზე". ამასთან, მიტროპოლიტმა იოანემ ისინი "ურწმუნო მოდგმადაც"  მოიხსენია. ქადაგების საპასუხოდ ბასილ კობახიძემ დაწერა, რომ "თავისი ანტისემიტიზმის გასამყარებლად სრულიად გაუკუღმართებულად მოჰყავს ერთი ამბავი წმ. ამბროსი მედიოლანელის ცხოვრებიდან." 

ქუთაისის სულხან-საბას დასახლების სამების ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის მსგავსად, ანტისემიტურად შეფასებული ქადაგება წარმოთქვა. 

ქადაგებაში დეკანოზი ილია გამოეხმაურა მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის ქადაგებას, რომლის გამოც ის არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს. მღვდელი ამბობს, რომ არის სიონისტური დაჯგუფებები, რომლებიც "მიწიური პროცესიდან არაკეთილი ძალის მხარეს დგას", თუმცა, ასევე, არიან მოსეს რჯულის ებრაელებიც, რომლებიც მათ "არ ერწყმიან".

ისრაელის ელჩი საქართველოში, რან გიდორი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს გამოეხმაურა, რომელმაც Twitter-ზე დაწერა, რომ "ქართველი ხალხის ცნობიერებაში ანტისემიტიზმი ადგილს ვერასდროს იპოვის". გიდორი facebook-ზე წერს, რომ ის ზალკალიანის განცხადებას მიესალმება და აღნიშნავს, რომ ექსტრემისტების, რასისტებისა და ქსენოფობების წინააღმდეგ ყველა უნდა გაერთიანდეს. 

ბექა მინდიაშვილის შეფასებით კი, "ქრისტეს ჯვარცმაში ებრაელი ერის დადანაშაულება, ებრაელთა "ურწმუნო მოდგმად" შერაცხვა არის ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მორალური, თეოლოგიური და იურიდიული დანაშაული, ეკლესიების სამარცხვინო პოზიცია იყო ინსტიტუციონალური ანტისემიტიზმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საფუძველი." 

მეუფე იოანეს ქადაგებას ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტიც გამოეხმაურა.  TDI გმობს საეკლესიო ანტისემიტიზმს და აცხადებს, რომ იოანე გამრეკელის ქადაგება უკიდურესად შემაშფოთებელია. 

ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ კი დაწერა, რომ მეუფე იოანეს კრიტიკა ცილისწამებაა, ებრაელების და სხვა ერების სიყვარული კი მას მეუფე იოანემ გაუძლიერა.

4 იანვარს მსოფლიო სიონისტური ორგანიზაციის ანტისემიტიზმის მონიტორინგის სამსახურმა გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც, TDI-ზე დაყრდნობით, "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ანტისემიტიზმზეა საუბარი

ისრაელის ელჩმა, კათოლიკოს-პატრიარქის იუბილის მილოცვისას, ასევე ისაუბრა ანტისემიტიზმზე.

კომენტარები