კაპიტოლიუმში შეჭრა

კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრით გამოწვეული არეულობისას 4 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ს კაპიტოლიუმი. 2021 წლის 6 იანვარი.
REUTERS

6 იანვარს აშშ-ს კონგრესში საარჩევნო კოლეგიის ხმების დამტკიცებისას დონალდ ტრამპის მხარდამჭერი აქციის მონაწილეთა ნაწილი შეიჭრა.

პოლიციას მათი შენობიდან გასაყვანად და წესრიგის აღსადგენად რამდენიმე საათი დასჭირდა. კანონმდებლები შენობიდან დაცვის თანხლებით გაიყვანეს. დედაქალაქში არეულობის აღსაკვეთად კომენდანტის საათი დაწესდა და მობილიზებული იყო ეროვნული გვარდია.

პოლიციის ინფორმაციით დაიღუპა 4 ადამიანი. მათ შორის არის ქალი, რომელიც კონგრესის შენობაში სროლისას დაიჭრა. სამმა პირმა კი დაზიანებები არეულობის დროს მიიღო. დააკავეს სულ მცირე 52 ადამიანი.

აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესის შენობაზე თავდასხმა დაგმო და დონალდ ტრამპს მოსთხოვა გაეკეთებინა საჯარო განცხადება. მალევე გავრცელდა ტრამპის მიმართვა, რომელშიც ის იმეორებდა ბრალდებებს არჩევნების გაყალბებაზე:

"ვიცი თქვენი ტკივილი. ჩვენ გვქონდა არჩევნები, რომელიც მოგვპარეს. დიდი უპირატესობით მოვიგეთ და ყველამ იცის ეს, განსაკუთრებით მეორე მხარემ. მაგრამ ახლა სახლში უნდა წახვიდეთ. მშვიდობა უნდა გვქონდეს, კანონი და წესრიგი უნდა გვქონდეს. პატივი უნდა ვცეთ სამართალდამცველებს. არ გვინდა, რომ ვინმე დაშავდეს. ძალიან რთული პერიოდია. ასეთი დრო არასდროს ყოფილა, როდესაც ასეთი რამ მოხდა, და ჩვენ ყველას წაგვართვეს [არჩევნები], ეს გაყალბებული არჩევნები იყო, მაგრამ ვერ ვითამაშებთ ამ ხალხის სასარგებლოდ. მშვიდობა გვჭირდება. წადით სახლებში. გვიყვარხართ. ძალიან გამორჩეული ხალხი ხართ"

ტრამპის ვიდეო Facebook-მა წაშალა, მოგვიანებით კი მას Twitter-ის ანგარიში დროებით დაუბლოკეს.

აშშ-ს კონგრესში საარჩევნო კოლეგიის ხმების სერტიფიკაციის პროცესი გაგრძელდა.

რესპუბლიკელი კონგრესმენების ნაწილი კვლავ ცდილობს ხელი შეუშალოს ბაიდენის გამარჯვების დამტკიცებას. ისინი აპროტესტებენ სხვადასხვა შტატის საარჩევნო კოლეგიის მიერ მიცემულ ხმებს და კომისიის შექმნას ითხოვენ, რომელიც არჩევნების გაყალბების საკითხს შეისწავლის, თუმცა ამისათვის როგორც წარმომადგენელთა პალატის, ასევე სენატის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდებათ და მათი ყველა მცდელობა ამ დროისთვის უშედეგოდ დასრულდა. წარმომადგენელთა პალატაში არიზონას შტატის ხმების გაპროტესტება 303 ხმით 121-ის წინააღმდეგ ჩავარდა, სენატში კი 93 ხმით 6-ის წინააღმდეგ. 92 ხმით 7-ის წინააღმდეგ ჩავარდა პენსილვანიის შტატის ხმების გაპროტესტება.

სენატორების ნაწილმა, რომელიც ამბობდა, რომ ბაიდენის გამარჯვების სერტიფიკაციას მხარს არ დაუჭერდა, კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრის შემდეგ პოზიცია შეიცვალა. მათ შორისაა ჯორჯიის სენატორი კელი ლოფლერი, რომელიც 5 იანვრას გამართული სენატის არჩევნების მეორე ტურში დემოკრატ კონკურენტთან დამარცხდა. პროტესტს მხარი არ დაუჭირა ტრამპის ერთ-ერთმა ყველაზე აქტიური მხარდამჭერმა ლინდსი გრემმაც.

"ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია არის, რომ მე არ მიმათვალოთ. საკმარისია. ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი კანონიერად აირჩიეს და გახდებიან პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი 20 იანვარს". - თქვა მან.

ვაშინგტონში განვითარებული მოვლენების პარალელურად ცნობილი გახდა, რომ ლოფლერი და ჯორჯიის კიდევ ერთი მოქმედი რესპუბლიკელი სენატორი არჩევნების მეორე ტურში დემოკრატ ოპონენტებთან მარცხდებიან. შედეგად რესპუბლიკური პარტია სენატში უმრავლესობას კარგავს.

კომენტარები